პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ უნივერსიტეტში სააკაშვილის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

„რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მაასტრიხტის უნივერსიტეტში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა . უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ისეთი თემებით დაინტერესდნენ, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატო-ში მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

 

კომენტარები