პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილი აშშ-ს საზღვაო სამხედრო აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიას ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  მიხეილ სააკაშვილის მისაღებად  ისტორიული სასწავლებლის ცენტრალურ მოედანზე საგანგებო ღონისძიება  გაიმართა.

ანაპოლისის აკადემია 167 წლის წინ დაარსდა. ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად  მიიჩნევა. ეს აკადემია დაამთავრეს პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.  სასწავლებელში 4 ათას 400 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან უცხოელი მხოლოდ ოცდაათია.

მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. აშშ-ს საზღვაო ძალების აკადემიის თავმჯდომარემ რამდენიმე ასეული კურსანტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი „ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის“ სტატუსით წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს სიტყვითაც მიმართა, რომლის დროსაც ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთანამშრომლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოსათვის მხოლოდ პარტნიორი არ არის - ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს. შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის ისტორიული შენობა და სტუდენტთა საცხოვრებელი პირადად დაათვალიერებინა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი იმ ოთხ ქართველ სტუდენტსაც გაესაუბრა, რომლებიც ამჟამად აკადემიაში სწავლობენ.

ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ სამხედრო აკადემიის კურსანტთა ქურთუკი გადასცეს. პრეზიდენტისათვის განკუთვნილ მფრინავის სპეციალურ ქურთუკზე აკადემიის სიმბოლოსთან ერთად, მისი სახელი და გვარია დაწერილი. საჩუქარი მიხეილ სააკაშვილს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა სასწავლებელში შეხვედრის დროს გადასცა.

 

 

კომენტარები