პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილმა მიუნხენში რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა. დისკუსიის პანელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სიყვით წარსდგა, არაბულ ქვეყნებში ბოლოდროინდელ ცვლილებებს ეძღვნებოდა.

"ნამდვილი რევოლუცია მაშინ არ ხდება, როდესაც CNN-ის, "ალ ჯაზირას" კამერებია ჩართული, ხალხი დროშებს აფრიალებს, ქუჩაში მღერის ან განცხადებებს აკეთებს. ნამდვილი რევოლუცია მაშინ იწყება, როცა კამერები ქვეყანას ტოვებს. ეს ყოველდღიური მუშაობაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენთვის არ არსებობდა თავისუფლების სახელმძღვანელო ისევე, როგორც მსგავსი წიგნი არ არსებობს არც ჩვენი ტუნისელი, ლიბიელი და სხვა მეგობრებისთვისა და ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენი პოსტრევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები დგას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაიმარტივოს გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებისა და ცვლილებების საფუძველზე გაკეთდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის პერიოდია, როდესაც გრძელვადიანი და რთული რეფორმების პროცესი იწყება. თუმცა, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რეალური და მდგრადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მთავრობისა და საზოგადოების სრული შემადგენლობა პრინციპულად მიუდგება. ყველა სფეროსა და სისტემის რეფორმირება უნდა იყოს ყოვლისმომცველი და, ამავდროულად, სოციალური ტრანსფორმაციის ნაწილი. მან ასევე განაცხადა, რომ რევოლუციის შემდეგ ხალხი ბევრად ძლიერი და მოუთმენელი ხდება.

„საზოგადოებას სწრაფი შედეგები სურს და რა წამსაც იმედგაცრუებული და ცინიკური ხდება, მაშინვე კარგავ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. ამიტომ, არ უნდა შეჩერდე მიღწეულ წარმატებაზე და არ დაიწყო პოპულარობით ტკბობა. წარმატების მისაღწევად რეფორმების პროცესში ხალხის აქტიური მონაწილეობაა საჭირო. ტრანსფორმაციის მამოძრავებელი სწორედ მოქალაქეები არიან. დაბოლოს, მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზე ვიფიქრებდით; ან ის, თუ წარმატებებით ვიტრაბახებდით და დავასკვნიდით, რომ წარმატებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

 

კომენტარები