დღეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” დააფუძნეს. კოალიციაში წარმოდგენილები არიან: რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი-დემოკრატები , ეროვნული ფორუმი, ბიძინა ივანიშვილი თავისი სამომავლო პარტიის სახელით, კონსერვატორებიდან და ხალხის პარტიიდან კი მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი . ”მიუხედავად იმისა , რომ დავითაშვილის და ძიძიგურის პარტიები არ არიან დამფუძნებლები, კონსერვატორების და ხალხის პარტიის აქტივი კოალიციის სასარგებლოდ იმუშავებს.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ახალი პლიტიკური კოალიაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და კახა შარტავა. რაც შეეხება კოალიციის წვერებს (პარტიების გარეშე) დავითაშვილს და ძიძიგურს, მათ განცხადებები არ გაუკეთებიათ.
"თუ იქნება კრიტიკა ან ქება კოალიციის რომელიმე სუბიექტის მიმართ, გთხოვთ, ეს იყოს ერთიან კონტექსტში. დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში და ერთად ავასრულოთ ქართველი ხალხის ქართული ოცნება", - განმარტა ივანიშვილმა. მანვე წაიკითხა დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერეს კოალიციის დამფუძნებლებმა.
დეკლარაციის თანახმად ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები პირობას დებენ: დაასრულონ ”ავტორიტარული მმართველობა და პოლიტიკური მესიანიზმი ” საქართველოში, დაამკვიდრონ სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებული და გაწონსაწორებული მოდელი, რეალური თვითმმართველობა და მრავალპარტიული სისტემა, განახორციელონ კონსტიტუციური რეფორმა ხალხის აქტიური მონაწილეობით, უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონალური პოზიციების გამყარება. დეკლარაციის ტექსტში ნათქვამია, რომ ამისთვის ”კოალიცია გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში, დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.”
ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის დაპირებებშია საარჩევნო დემოკრატიის დამკვიდრება, მედიის თავისუფლების დაცვა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, უმუშევრობის დაძლევა, მშრომელი მოქალაქეებისთვის სიმდიდრის და კეთილდღეობის პირობების შექმნა და ა. შ.
”თავისუფალი დემოკრატების”ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე კოალიციის უმთავრეს მიზნებს შორის დაასახელა ზრუნვა უმუშევრობის დაძლევასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ალასანიას თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს დაიკავებს ქართული პროდუქციის ტრადიციულ ბაზარზე დაბრუნება. ალასანიამ ბიძინა ივანიშვილს ”ქართული ოცნების ცოცხალი მაგალითი” უწოდა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი. ”ასეთი ოცნება ყველა ქართველს შეუძლია აიხდინოს, თუ იქნება შესაბამისი გარემო.”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.




