რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი რესპუბლიკელების რიგებიდან გარიცხული დუმბაძის შესახებ

”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტება გააკეთა პარტიის ყოფილ წევრთან, მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით, თან აღნიშნა, რომ განმარტება მედიაში ატეხილმა აჟიოტაჟმა აიძულა.

”ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე განაცხადა ”რესპუბლიკურ პარტიასთან” და ”თავისუფალ-დემოკრატებთან”, როგორც წამყვან პოლიტიკურ პარტნიორებთან, თანამშრომლობის შესახებ. მურმან დუმბაძემ, თავის მხრივ, საჯაროდ გამოხატა ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი. შექმნილ ვითარებაში მე ასევე საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე ჩემი მზადყოფნა ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ჩვენს შორის ურთიერთობის მოგვარების თაობაზე”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მიუხედავად ამისა, ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის თქმით, დუმბაძე აგრძელებდა პარტიაზე თავდასხმას და ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებასაც ცდილობდა, ივანიშვილი კი მას მიუთითებდა, რომ ჯერ ყოფილ პარტიულ ლიდერს უნდა შეხვედროდა.

უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრა თვენახევრის წინ მართლაც შედგა და მან  ყოფილ თანაპარტიელს აუხსნა, რომ ”რესპუბლიკურ პარტიასთან” მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია პარტნიორობა ” საერთო დიდ საქმეში.” დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დუმბაძემ ამ შეხვედრის შემდეგაც გააგრძელა პარტიაზე თავდასხმა და მაინც, მზადაა მასთან თანამაშრომლობისთვის, თუკი  ”მოუხმობს კეთილგონიერებას,” გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ მის, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ” რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი და მისი კოლეგების თმენის ვალდებულება არ არის უსაზღვრო, ” მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება არა პიროვნულ სიმპათიებს თუ ემოციებს, არამედ ქვეყნისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მყარი კოალიციური პოზიციის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა, რელიგიური და სამოქალაქო მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან.

მურმან დუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან 2011 წლის გაზაფხულზე გარიცხეს პარტიული წესდების  დარღვევის გამო. დუმბაძე ეწინააღმდეგება ბათუმში აზიზეს მეჩეთის ხელახლა აშენებას. იგი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორიც იყო ბათუმში. აზიზეს მეჩეთის აშენება კი საქართველოსა და თურქეთს შორის იმ შეთანხმების ნაწილია, რაც თურქეთის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლების გადარჩენას უნდა დაედოს საფუძვლად. ”რესპუბლიკური პარტიას” დაუშვებლად მიაჩნდა პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა ბათუმში დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში.

”სხვათაშორის დუმბაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ვთვლი, რომ მასთან უნდა აღდგეს ურთიერთობები და უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით.” - აღნიშნა ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ” ასავალ-დასავალთან” საუბრისას და დასძინა: ”მეც იმავე სახის განცხადებას გავაკეთებ: არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით! ამ საკითხში პირველ რიგში საზოგადოებრივი აზრია გასათვალისწინებელი.”

 

კომენტარები