რესპუბლიკური პარტია

"წმინდანს აგინებს შენი ძმაო, ვუთხარი, რომ ერეკლე არ იყო წმინდანი" - ბერძენიშვილი თავდასხმაზე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. მათი ინფორმაციით, ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა. ორი პირი მათ სიტვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

როგორც დავით ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში იხსენებს, თავდასხმის მიზეზი მისი და სამნიძის პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები გახდა, - "მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით, რომ აი, მე დაზარალებული ვარ და გომურს რომ იცავთ, 6 მაისს მეც დავკარგე თვალი, მაგრამ ჩემზე რატომ არ ლაპარაკობთ. გამახსენდა, რომ 2009 წლის 6 მაისზე ლაპარაკობს ბატონი ხომასურიძე, როგორც მითხრა მერე გვარი.

დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე თქვა, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევით. ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა [გინებაზე], აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას. მალე გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრის და იმ კამპანიისაა, "და ჩვენ ვიცეკვეთ" რომ გადიოდა, რომ მივედი მარტო და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ესაა ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება". - ამბობს ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში.

ბერძენიშვილის ცნობით, თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით, სამართალდამცველებს ის და ხათუნა სამნიძე არ გამოუკითხავთ . ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები