არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა-ახალი ინიციატივა საპარლამენტო არჩევნების ვადის გადმოსაწევად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამართეს კონსულტაციები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ყველა ეს ჯგუფი და პოლიტიკური სპექტრი, პროცესის დაწყების წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ შეიცვალა გადაწყვეტილება, თუმცა, ორგანიზაციაში ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” უწინდებურად ფიქრობენ, რომ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით იზრდება პარლამენტის განსაზღვრული ვადა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი მიიჩნევს, რომ 2006 წელს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით საქართველოს პარლამენტმა თვითნებურად გაზარდა პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადები. მათთვის განსაზღვრული 4 და 5 წლის ნაცვლად, პირველის ვადა 6 თვით იზრდება, მეორის- 10-ით. კონსტიტუციაში ამჟამად პირდაპირაა მითითებული, რომ არჩევნები ამ წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს ისევე, როგორც პრეზიდენტის არჩევნები მისი უფლებამოსილების ამოწურვის წლის ოქტომბერში, ანუ საპარლამეტო არჩევნების ერთი წლის თავზე, 2013 წლის ოქტომბერში.




