არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივით გამოდის. მის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 2012 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გამართვით ირღვევა პარლამენტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ დევდარიანი ფიქრობს, რომ 2006 წელს , კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, საქართველოს პარლამენტმა ”თვითნებურად” გაზარდა პარლამენტის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები.
დევდარიანი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 4 წელი, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადად 5 წელი , მაგრამ, ” არჩევნების დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს 4 წელი და 6 თვე უწევს მუშაობა, ხოლო პრეზიდენტს 5 წელი და 10 თვე . ”
2006 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში წერია: ” პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩენების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. ” რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, კონსტიტუციაში ასევე მითითებულია:”პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“ ”ახალი თაობა -ახალი ინიაციტივის” წარმომადგენლის თქმით, სწორედ აღნიშნული ნორმები ზრდის მოქმედი პარლამენტის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადებს . არასამთავრობო ორგანიზაცია ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს და აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი ვერ ხედავს საფუძველს, საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა არაკონსტიტუციურად ცნოს.
”კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში. ეს კონსტიტუციით განსაზღვრული იყო მანამდე, სანამ ამ მოწვევის პარლამენტს აირჩევდნენ, შესაბამისად ვერანაირი ანტისკონსტიტუციურობა ამ ნორმის ვერ დამტკიცდება, რადგან თვითონ ეს ნორმა არის კონსტიტუციური. აქედან გამომდინარე არანაირი საფუძველი მსგავს სარჩელს არ აქვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება ასევე ოქტომბერში. ”- მოჰყავს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” პავლე კუბლაშვილის სიტყვები.




