აქამდე ნაზარბაევის პარტია (Nur Otan) 98 ადგილით საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთ ძალას წარმოადგენდა. 15 იანვრის არჩევნების შემდეგ კი, ყაზახეთს სამპარტიანი პარლამენტი ჰყავს. Nur Otan-ს 83 მანდატი ერგო (ხმათა 80%). 7%-იანი ბარიერი გადალახეს Ak Zhol-ისა (8 მანდატი) და კომუნისტურმა (KNPK) პარტიებმა (7 მანდატი). თუმცა, ორივე მათგანი ნაზარბაევის პოლიტიკას ემხრობა. მაშინ როცა ნამდვილმა ოპოზიციურმა ძალამ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ODSP) მხოლოდ 1,4%-იანი მხარდაჭერა მიიღო. პარალელურად, თავისუფლად მოქმედების საშუალება ეზღუდებოდათ სხვა ოპონენტებსაც: რეგისტრირების საშუალება არ აქვს პარტიას Alga, რომელსაც ლონდონში გაქცეული ოლიგარქი აფინანსებს. ოპოზიციური Rukhaniyat-ის პარტიას კი, საეჭვო პროცედურული დარღვევის მიზეზით, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს. საგულისხმოა, რომ ოპოზიციური სპექტრი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით მაინც არ სარგებლობს: მათ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, მხოლოდ რამდენიმე ასეული ყაზახის შეკრება მოახერხეს.
სუსტი ოპონენტების ფონზე, ნაზარბაევს რეალური მოწინააღმდეგე დღეს არ ჰყავს. მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო, მისადმი ლოიალურადაა განწყობილი. ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 13 ათასი დოლარი გახლდათ. ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანამ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც ძირითადად მისი ნავთობისა (30 მილიარდი ბარელი – მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი) და გაზის (3,3 ტრილიონი კუბური მეტრი) მარაგების მეშვეობით მოხერხდა.
დაგროვილი პრობლემების საპასუხოდ, ნაზარბაევმა პოზიტიური ცვლილებების განხორციელება დაიწყო. თავად ჩავიდა ჟანაოზენში, რეგიონს ახალი გუბერნატორი დაუნიშნა, დაშავებულ მომიტინგეებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა. მთავრობამ მათი პრობლემების (ცუდი პირობები, დაბალი ხელფასები) წარმოქმნის მიზეზად, ქალაქის ყოფილი და უკვე დაპატიმრებული ორი მერის მიერ სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისება დაასახელა. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა საკუთარი სიძე, ტიმურ კულიბაევი ქვეყნის მთავარი ენერგოკომპანიის (KazMunaiGaz KMG) ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ეს ხალხის წინაშე ყველას ანგარიშვალდებულების ილუსტრაცია გახლდათ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კულიბაევმა ენერგოსექტორზე გავლენა ამით დაკარგოს, რადგან მისი მომხრეები კვლავაც მაღალ პოსტებს იკავებენ. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმა, კარიმ მასიმოვმა მთავრობის შემადგენლობა გადაახალისა, რის შედეგადაც დღევანდელ კაბინეტში რეფორმების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
მმართველი ელიტა იმედოვნებს, რომ ძალაუფლება მომავალში ინსტიტუტებზე ან მმართველ პარტიაზე უნდა გადავიდეს. თუმცა, ეს თავად ელიტის პოლიტიკურ მზაობაზეა დამოკიდებული. თანაც, ქვეყანაში საკვანძო გადაწყვეტილებებს, მთავრობა კვლავაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოორდინირებით იღებს.