ივანიშვილი პოლიტიკაში

შემოსავლების სამსახური შპს იგრიკას ბრალდებას პასუხობს

 შემოსავლების სამსახურმა „გაუგებარი და მიუღებელი“ უწოდა ბრალდებას იმის თაობზე , რომ ტელეკომპანია მე-9-ე არხისთვის განკუთვნილი მოძრავი ტელესადგური საბაჟო კონტროლის გავლის დროს შეგნებულად დააზიანეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 9 თებერვალს, მოხდა ბათუმის პორტში,  13 საათზე შემოსული, შპს "იგრიკას" ტვირთის ზედაპირული დათვალიერება, ყველა წესის დაცვით, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

„ „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ დათვალიერების პროცედურაზე დასწრება, რომლის ამოწურვის შემდეგაც ინფორმაცია გადაეგზავნა ბათუმის პორტის ადმინისტრაციას და მიკროავტობუსი ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გადაიგზავნა. ის იქიდან შპს „იგრიკას“ წარმომადენლებმა 18 საათზე გაიყვანეს. ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ შემოსავლების სამსახურმა 5 დღის შემდეგ შეიტყო. " - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ტვირთის შეგნებულად დაზიანების შესახებ ბრალდება ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია გამოთქმული. განცხადების თანახმად, „ლიტვური ტელესაკომუნიკაციო კომპანიის მიერ გამოგზავნილი ტექნიკა ბათუმის პორტში 9 თებერვალს, დილის 12 საათზე შევიდა, სადაც 5 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. ამ დროის განმავლობაში არც ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს. დაყოვნების მიზეზად დასახელდა საბაჟოზე ინტერნეტის გათიშვის გამო სათანადო დოკუმენტაციის გაუცემლობა. კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოძრავი ტელესადგურის დათვალიერებისას ის შეგნებულად დააზიანეს.“

ივანიშვილის პრეს-სამდივნო აღნიშნავს, რომ საქართველოში ტვირთის გამოგზავნამდე, გამომშვებმა კომპანიამ ადგილზე დეტალურად შეამოწმეს შპს „იგრიკას“ კუთვნილი სატელევიზიო სადგური, რა დროსაც ტექნიკა გამართულად მუშაობდა და დასძენს: “ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამიზნულად ზიანდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთი. „

 

კომენტარები