ისრაელი-ირანი

აშშ და ევროკავშირი გმობს ისრაელის საელჩოებზე თავდასხმებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმები და მათ ”ლაჩრული” უწოდა. კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა დახმარება გაუწიოს გამოძიების პროცესს. განცხადება გაავრცელა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრეს-სამსახურმაც, მასში დაგმობილია დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე თავდასხმები.

თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლმა განაცხადა, რომ თავის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ორშაბათს დილით, სამსახურში მისვლის შემდეგ, მანქანის გაჩერებისას უცნაური ხმა მოესმა. ” მანქანიდან რომ გადმოვედი შევამჩნიე მიკრული იყო რაღაც მანქანაზე.” - უთხრა მან ქართულ ტელეკომპანიებს.

გუშინ , ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოს წინ მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. თბილისში კი საფრთხე დროულად აღიკვეთა. ისრაელმა საქართველოსა და ინდოეთში საელჩოებზე თავდასხმებში ირანს დასდო ბრალი, თუმცა ირანმა ბრალდება კატეგორიულად უარყო. ირანის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოებზე თავდასხმებში პირიქით ისრაელი დაადანაშაულა.

 

კომენტარები