ივანიშვილი პოლიტიკაში

რესპუბლიკელები ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ ინტერვიუს პასუხობენ

 თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ რესპუბლიკური  პარტიის შესახებ ალოგიკური შეფასებები კეთდება.

 ”ბოლო 20 წლის და, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში, რესპუბლიკელები ყოველთვის ვიყავით ერთ–ერთი მთავარი გამწევი ძალა ყველა ბრძოლაში, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა. მახსოვს, 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მარცხი დაბრალდათ რესპუბლიკელებს, იმიტომ რომ ისინი გავიდნენ კოალიციიდან. ცოტა ალოგიკურია, როცა ერთის მხრივ არაპოპულარული და არარეიტინგული ხარ და, მეორე მხრივ, პოპულარული ბლოკის მარცხი გბრალდება, ”- მოჰყავს Tribuna.ge-ს ხიდაშელის განმარტება, რომელიც  ”ქართული ოცნების” ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთა.

 ახლახან, რესპუბლიკელებთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ისინი ”არც არასდროს ყოფილან პოპულარულები”. ბიზნესმენმა  საკუთარ პარტნიორებს მაშინ  გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან გაუმხილა  შენიშვნები . მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებს წარსულში ჰქონდათ ლოკალური შეცდომები, მათი მთავარი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ხალხისთვის გასაგები ენით არ ლაპარაკობენ .

 ამავე ინტერვიუში ივანიშვილს ჰკითხეს რა ფიქრობს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით  რესპუბლიკური პარტიის წევრების: პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის შეხედულებებზე. იქვე შეკითხვის ავტორმა ივანიშვილს უთხრა , აღნიშნული პირები აფხაზეთის დამოუკიდებლობას ემხრობოდნენო და დამაჯერებლობისთვის   სოჭის დოკუმენტი ახსენა.

 ” აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი? ასეთი რამ არ მსმენია.” - აღნიშნა საპასუხოდ ივანიშვილმა.

 რესპუბლიკურმა პარტიამ საჭიროდ მიიჩნია განცხადების გავრცელება: ”რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს მათი პოზიცია აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ცალკეულ რესპუბლიკელთა რეალისტური მიდგომები და პარტიის ვრცელი კონცეფცია აფხაზეთის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში ვერ გაიაზრა და უარყო როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელმა და უგუნურმა პოლიტიკამ აფხაზეთის საკითხში რუსეთს აფხაზეთის ოკუპაცია გაუადვილა. სახელისუფლებო თუ არასახელისუფლლებო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი კი აგრძელებს დეზინფორმაციას, მიმართავენ სპეკულაციას და ცილისწამებას. მაგ. გაზეთი "ასავალ-დასავალი" წლების განმავლობაში აქვეყნებს კუპიურებს, რომლებიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან. ”

 რესპუბლიკული პარტია საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს ამონარიდებს პუბლიკაციიდან ”ქართულ -აფხაზური კონფლიქტის ასპექტები”და განმარტავს: ” ამ ამონარიდებში ყველგან საუბარია აფხაზეთის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში, რაც აქარწყლებს "ასავალ-დასავალის" ინსინუაციებსა და შეგნებულ ტყუილს. ”

 შეგახსენებთ, ხსენებულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი გაზეთ ”ასავალ-დასავალს” მადლობას უხდის ”პრინციპული პოზიციებისთვის,”   მას ეროვნული -სახელმწიფოებრივი პოზიციებით და   პრინციპებით გამორჩეულ გამოცემას უწოდებს.

 

კომენტარები