აშშ-რუსეთის ურთიერთობა

მაიკლ მაკფოლი Russia Today-ს სიცრუეში ამხელს

აშშ-ს ელჩმა რუსეთში,  მაიკლ მაკფოლმა,  ტელეკომპანია Russia Today  სიცრუის  გავრცელებაში დაადანაშაულა. საკუთარ Twitter-ზე ელჩმა განმარტა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა,  მარგარიტა სიმონიანმა სთხოვა    პირადად მისთვის ეცნობებინა, თუკი Russia Today -ს ეთერში სიცრუეს შეამჩნევდა. მაკფოლმაც მარგარიტა სიმონიანს მიმართა და დაწერა : ”Russia Today -ის ეთერში ითქვა, თითქოს მე გავაგზავნე ნავალნი იელის უნივერსიტეტში, ეს ტყუილია.”

 ლაპარაკია 4 თვიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც 2010 წელს,   აშშ-ში,  იელის უნივერსიტეტში,  მომზადება გაიარეს პროფესიონალებმა სხვა და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ალექსეი ნავალნიმ .

მაკფოლის საპასუხოდ მარგარიტა სიმონიანმა  ბრალდება უარყო და აღნიშნა: ” აი, მოგვცა დავალება ელჩმა! თანამშრომლები დავსვი, გადაამოწმეს პროგრამები, მსგავსი ვერაფერი იპოვეს.”

 Russia Today-ს რუსეთის მთავრობა აფინანსებს, ის მაუწყებლობს ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე.  

რუსეთში აშშ-ს  ელჩი რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. რუსეთის მედია ცოტა ხნის წინ აქტიურად განიხილავდა მაკფოლის შეხვედრებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.  იანვრის შუა რიცხვებში რუსეთის წამყვან სატელევიზო არხზე გამოითქვა შეფასება, რომ მაიკლ მაკფოლი რუსეთში დესტაბილიზაციის წასახალისებლად მიავლინეს. გადაცემა ”ოდნაკოს” წამყვანმა  მიხაილ ლეონტიევმა აღნიშნა, რომ უკვე 1992 წელს მაკფოლი რუსეთში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელი იყო, ეს ინსტიტური კი ლეონტიევის დახასიათებით : ” აშშ-ს სპეცსამსახურებთან სიახლოვითაა გამორჩეული და დაკავებულია მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის პოლიტიკური ლიდერების მომზადებით.”

 მაიკლ მაკფოლი რუსეთში ელჩად დამტკიცებამდე   იყო პრეზიდენტ  ობამას მრჩეველი . მას მიიჩნევენ ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ ექსპერტად რუსეთის საკითხებში  .

 

 

კომენტარები