ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთი აშშ-ს დიპლომატებს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს და ქვეყნიდან აძევებს

აშშ-ს საელჩო მოსკოვში, რუსეთში.
APNEWS

ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება შვიდ დღეში მოსთხოვა.

სამინისტრო დიპლომატებს, ჯეფრი სილინსა და  დევიდ ბერნშტეინს, აშშ-ის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელთან, რობერტ შონოვთან კონტაქტში ადანაშაულებს. შონოვი უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობის გამო დააკავეს. 

გარდა ამისა, დიპლომატების ქმედებაზე რუსეთის საგარეო სამინისტროში განაცხადეს:

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის უკანონო საქმიანობა, მათ შორის, ჩარევა მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში, მიუღებელია და მტკიცედ იქნება აღკვეთილი. რუსული მხარე ელის ვაშინგტონის მიერ სწორი დასკვნების გამოტანას და კონფრონტაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებას".

განცხადების საპასუხოდ კი, მოსკოვში ამერიკის საელჩოში თქვეს, რომ "სრულიად უარყოფენ დიპლომატების "არაპროვოცირებული გაძევების მიზეზს და გმობენ რუსეთის მთავრობის მცდელობას, დააშინოს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები".

ამასთანავე, მოსკოვის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას და თქვა: "რუსეთმა კვლავ აირჩია კონფრონტაცია და ესკალაცია კონსტრუქციულ დიპლომატიური ჩართულობის ნაცვლად. ის აგრძელებს ჩვენი საელჩოს თანამშრომლების შევიწროებას, ისევე როგორც საკუთარი მოქალაქეების დაშინებას. ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთი ამ გზას დაადგა, დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება მათ ქმედებებზე".

კომენტარები