ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში, შესაძლოა, გუგული მაღრაძის „ქალთა პარტია“ და „სალომე ზურაბიშვილის - საქართველოს გზა“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ ბიზნესმენმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილი საარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბებაზე უკვე შეთანხმდა „თავისუფალ დემოკრატებთან“, „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „ხალხის პარტიასთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და „კონსერვატიულ პარტიასთან“. რაც შეეხება საკუთარ პარტიას, ივანიშვილი ამბობს, რომ პარტიის ჩამოყალიბებას მარტში აპირებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
ამავე შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ კახა კუკავას "თავისუფალ საქართველოსთან" და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობასთან" მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხში ითანამშრომლებს, რადგან ამ პარტიების იდეოლოგია მისთის „მიუღებელია".




