
ეთნოკონფესიური კონფლიქტის გამძაფრება ერაყისთვის ყველაზე უარესი პოლიტიკური სცენარია. ქვეყნის დაახლოებით 30-მილიონიანი მოსახლეობიდან 20% ეთნიკურად ქურთია, არაბების 60% შიიტია, ხოლო 20% – სუნიტი. ერაყს, ერთი მხრივ, ქურთებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი, შიიტებსა და სუნიტებს შორის კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ათწლეულების მანძილზე, სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩათვლით, ქვეყანას სუნიტები მართავდნენ, შიიტები და ქურთები კი მარგინალიზებულნი იყვნენ. ახლა პოლიტიკური ძალაუფლება შიიტებს ეკუთვნით, სუნიტებს კი შურისძიების ეშინიათ. კონფესიებს შორის სისხლიანი დაპირისპირება 2005 წელსაც დაიწყო. ამერიკელებმა სიტუაციის დარეგულირება ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანით 2007 წლისათვის მოახერხეს.
კონფესიური დაპირისპირება ერაყის გართულებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობის მახასიათებელი ნიშანია. ამერიკული ჯარების გასვლის მეორე დღესვე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნული ალ-მალიქმა ვიცე-პრეზიდენტ ტარიქ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ბრძანება გასცა. შიიტი პრემიერი სუნიტ ვიცე-პრეზიდენტს ტერორიზმში ადანაშაულებს. ალ-ჰაშემი ქვეყნის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში გაიქცა და ბაღდადში დაბრუნებას არ აპირებს.
პარტია ირაქიას წევრმა და პრემიერის მოადგილე სუნიტმა სალეჰ ალ-მუთლაქმა ალ-მალიქს CNN-თან ინტერვიუში დიქტატორი უწოდა. ალ-მალიქმა პარლამენტს მოსთხოვა ალ-მუთლაქისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრის ჩატარება, საკუთარი მოადგილის სახლს კი სამხედრო მეთვალყურეები მიუჩინა.
ექსპერტთა შეფასებით, ნური ალ-მალიქი ცდილობს ამერიკელთა გასვლის შემდეგ დარჩენილი პოლიტიკური ვაკუუმი შეავსოს, 
მკვეთრად ანტიამერიკულად განწყობილი და ირანთან დაახლოებული შიიტი კლერიკალი მუქთადა ალ-სადრი დროს არ კარგავს. პარლამენტში მისი მომხრეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ. სავარაუდოდ, მათ არა არჩევნები, არამედ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურთ – გართულებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობით ალ-მალიქს პოლიტიკურ დათმობებს დასტყუებენ. აღსანიშნავია, რომ სადრისტები მმართველ კოალიციაში შედიან და პარლამენტში ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლიათ.
სტაბილურობისკენ გზა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გაყოფის მყარ შეთანხმებაზე გადის. უთანხმოების მოგვარების ერთ-ერთი სცენარი ერაყის ფედერალიზაციას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშიც გათვალისწინებულია. ერაყის ქურთისტანის რეგიონს უკვე აქვს გარკვეული ავტონომია. მაგრამ ერაყის ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა რთული იქნება. ერთი მხრივ, რეგიონებს გაუჭირდებათ ნავთობის რესურსების გაყოფა. მეორე მხრივ კი, ერაყელებს საკუთარ პოლიტიკურ კულტურაში გამჯდარი ცენტრალიზებული, იერარქიული სისტემის მოთხოვნილების გადალახვა მოუწევთ.
ერაყის ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ამერიკელთა გასვლა ნაადრევი იყო. არაბული გაზაფხულის შემდგომ ერაყს ახლო აღმოსავლეთში, რეგიონული სტაბილურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. მის ნავთობის რეზერვებზე მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი იქნება დამოკიდებული. ერაყში ამერიკელთა გასვლის შემდეგ დატოვებული პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ირანი ეცდება, რომლისთვისაც არასტაბილური მეზობელი მიმზიდველი სამიზნეა. ირანს ახლო კავშირები აქვს ერაყის შიიტურ პოლიტიკურ ძალებთან. სუნიტების მიერ დომინირებულ არაბულ სამყაროში ერაყი ერთგვარად განზე დგას. საუდის არაბეთი მას ეჭვის თვალით უყურებს. საუდელებს მეზობელ ქვეყანაში ელჩიც არ ჰყავთ გაგზავნილი.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყიდან ამერიკელთა ჯარების გამოყვანით საკუთარი წინაასაარჩევნო დაპირება შეასრულა. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობამას ადმინისტრაციამ სრულად არ გამოიყენა მის ხელთ არსებული პოლიტიკური რესურსები ერაყში შედარებით მცირერიცხოვანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დასატოვებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი დარჩა გერმანიასა (54,000 ამერიკელი სამხედრო) და იაპონიაში (40,000), კორეის ომის შემდეგ – სამხრეთ კორეაში (28,500). ერაყში იმავეს გაკეთებით ობამას შეეძლო პოლიტიკური გავლენა შეენარჩუნებინა, უსაფრთხოების საკითხი მოუმზადებელი ერაყელებისთვის არ დაეტოვებინა და ერაყის არმიის გასაწვრთნელადაც საკმარისი რაოდენობის კადრები ჰყოლოდა. ამ მხრივ, ობამა რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მიტ რომნიმაც გააკრიტიკა. 2003 წელს ომი ობამას არ დაუწყია, თუმცა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერაყში მდგომარეობის გაუარებების გამო პასუხის გაცემა, შესაძლოა, სწორედ მას მოუწიოს.





