ივანიშვილი პოლიტიკაში

უსუფაშვილი: კოალიციაში გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში რესპუბლიკელები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიღების საკითხს ვერ დაბლოკავენ, რადგან კოალიციაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ივანიშვილი იღებს. განმარტება უსუფაშვილი  კახა კუკავას ( თავისუფალი საქართველო) განცხადების საპასუხოდ გააკეთა. კუკავამ კი აღნიშნა,რომ რესპუბლიკელებმა ” ქართველ ხალხს ლიდერი წაართვეს” ბიძინა ივანიშვილის სახით.

კუკავას მოსაზრებით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, მასთან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოისურვა, მაგრამ დიდ გაერთიანებას რესპუბლიკელებმა შეუშალეს ხელი.

”რესპუბლიკური პარტია თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან და ეხმარება მას ამ საქმის გაკეთებაში. ეს ფორმულა ნიშნავს იმას, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტაში მზად ვართ ჩვენი აზრი, რეკომენდაცია, ანალიზი მივაწოდოთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე, ვინ იყოს და ვინ არა კოალიციაში, იღებს ბიძინა ივანიშვილი,” – აღნიშნა უსუფაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკელებს ივანიშვილის კოალიციაში არ გააჩნიათ არანაირი ვეტოსა და დაბლოკვის მექანიზმები და დასძინა: ” ასეთი მექანიზმები გვქონდა სხვა კოალიციების დროს, იმიტომ , რომ მაშინ ვიყავით თანასწორი პარტნიორები. ივანიშვილს კი პოლიტიკური პარტია სათანამშრომლოდ იმისთვის არ მიუწვევია, რომ მისი გადასაწყვეტი საკითხები გადაწყვიტოს. ”

 

კომენტარები