პრეზიდენტის ვიზიტი

მსოფლიო ბანკის წიგნი საქართველოს რეფორმებზე

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული წიგნის - "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა" -პრეზენტაციას დაესწრო. ამ 110 გვერდიან წიგნში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განხორციელებული რეფორმები საჯარო სამსახურის სხვადასხვა სფეროში.

როგორც პრეზენტაციაზე ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ასად ალამმა განაცხადა, წიგნში ასახულია იმ რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები განხორციელდა.

მსოფლიო ბანკის გამოცემაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წარმატებულობა ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების სურვილმა და ნებამ, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობამ და საერთაშორისო გამოცდილების რეალობაზე მორგებამ, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის ეფექტურმა გამოყენებამ.

წიგნის პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, “ჩვენი რეფორმები ასე კარგად არავის არ აღუნუსხავს, როგორც ეს ასად ალამმა გააკეთა“ და განმარტა, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტები პროცესს პირადად აკვირდებოდნენ. „მათი სამუშაო ამაზე უფრო დროული არ იქნებოდა იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში და იმედი მაქვს, რუსეთშიც მოხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: "საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია.”

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ის რაც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მოხდა, მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

"ჩვენ იდეალისტურად გვწამდა, რომ მოქალაქეები დაიწყებდნენ თავიანთი ქვეყნის კანონის პატივისცემას, თუ ქვეყანაც დაიწყებდა მათ პატივისცემას. ჩვენ გვწამდა, რომ კანონი აღარასდროს იქნებოდა აღქმული ზეწოლის იარაღად და ხალხს მოეწონებოდა, გაითავისებდა და დაიცავდა. დამთხვევა არ არის ის, რომ ჩვენ კამპანია დავიწყეთ მარტივი ლოზუნგით: საქართველო კორუფციის გარეშე. ამავდროულად, ეს გავდა აუხდენელ ოცნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კორუფცია ჩვენი პრობლემების გახრწნილი ბირთვი იყო და რაც მთავარია გვწამდა, რომ კორუფციის დამარცხება შეიძლებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ვარდების რევოლუციის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას ფაქტიურად თავიდან მოუწია სახელმწიფოს შენება.

„ჩვენ ვიყავით გამბედავები, დიდ რისკზე წამსვლელები, რადგან ვიცოდით, რომ უნდა გაგვერისკა. ვიცოდით, რომ ამოცანის შესრულება თითქმის შეუძლებელი იყო. რა ხდება, როდესაც რევოლუციით მოდიხარ ხელისუფლებაში. ეს არის ტალღა, რომელიც შენზეა მოჯაჭვული და ჰგავს ზღვის ღელვას. ჯერ წინ მოდის, შემდეგ უკან. ჯობია მის ზედაპირზე დარჩე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამანგრეველი იყოს", - ასე აღწერა სააკაშვილმა რევოლუციის შემდეგ განვლილი გზა.

წიგნის "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა" ელექტრონული ვერსიის გადმოტვირთვა შესაძლებელია მსოფლიო ბანკის ვებგვერდიდან.

 

http://siteresources.worldbank.org/GEORGIAEXTN/Resources/9780821394755.pdf

 

კომენტარები