პრეზიდენტის ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პრეზიდენტმა გამართა შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე   საქართველოსა და აშშ-ს შორის  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.  საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასაც. ამას გარდა, მხარეებმა  განიხილეს  რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობა  და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატო-ს წევრი. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორებს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

შეხვედრას ჯონ კერი, ასევე სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი და  ჯინ შაჰინი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები