პრეზიდენტის ვიზიტი

სააკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტ დენიელ იოჰანესს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა განათლების სფერო და კიდევ ერთი ტრანშის გამოყოფა იყო. მიხეილ სააკაშვილმა იოჰანესს ბათუმში მშენებარე ახალი უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო.

"ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში რომელიმე ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი გავხსნათ. ერთ-ერთი ასეთის შტაბ-ბინა ბათუმი იქნება. ჩვენ არ ველოდებით ამერიკელებს, მშენებლობა დავიწყეთ და უკვე ვამთავრებთ კიდეც. კორპორაციის დირექტორს უნივერსიტეტის პროექტი ვაჩვენე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. ეს ერთ-ერთი ყველა ლამაზი შენობაა საქართველოში და ის ასევე განათლების სისტემაში გარღვევის და გაუმჯობესების სიმბოლოც იქნება, თუმცა ამის პარალელურად ვმუშაობთ იმაზეც, რომ საქართველოში მაგარი სკოლებიც გაიხსნას. რამდენიმე ათეული სკოლა უკვე გავხსენით, თუმცა ასეთი უნდა იყოს რამდენიმე ასეული და ამაში ამერიკელები დაგვეხმარებიან." - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩემი ამბიციაა, რომ საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე, საქართველოში მსოფლიო კლასის კლინიკები და სკოლები იყოს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამაში ამერიკელები შემოგვიერთდებიან და დაგვეხმარებიან." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტის თქმით კი, საქართველომ განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება უამრავ ქვეყანას სურს. პრეზიდენტი მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნზეც ესაუბრა, რომელშიც საქართველოზე, როგორც კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითზეა საუბარი.

"წიგნს  ზეგ  ვაშინგტონში  დიდი ზარზეიმით წარადგენენ. წიგნი "საქართველო, როგორც მაგალითი კორუფციასთან ბრძოლის" – მსოფლიო ბანკმა მოამზადა. პრეზენტაციის შემდეგ ამის პოპულარიზაცია მოხდება. არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, აფრიკის ან აზიის სახელმწიფოებს, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებსაც კი ძალიან აინტერესებთ ამ გამოცდილების გაზიარება. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიო ბრენდი გახდა და ეს ძალიან საინტერესოა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შევხდება.

 

კომენტარები