ვენეციის კომისია

მარკერტი: პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა სტრასბურგში,  პარასკევს, დამატებით განმარტა საკუთარი მოსაზრება საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც შეიზღუდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი გართულდა  და სწორედ ეს იყო ამ წესების მიზანიც და იქვე განმარტა, რომ შეზღუდვა პარტიათა დაფინანსების სფეროში შეიძლება იყოს ”პოზიტიური ან ნეგატიური.”

სააგენტოს  ინფორმაციით, თომას მარკერტმა  27 იანვარს  განაცხადა,  რომ  26 იანვარს გაკეთებულ კომენტარში გამოიყენა სიტყვა შეზღუდვა ," თუ ვიგულისხმებთ პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას, ეს ნეგატიურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს დადებითი, ის ასევე შეიძლება იყოს გადამეტებული, მაგრამ მოდით დავაზუსტოთ, რომ სიტყვას "შეზღუდვა", მე ასევე დავამატე (გუშინდლი ინტერვიუს დროს) წინადადება, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ასე რომ, ეს სიტყვა "შეზღუდვა" - არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნეგატიური."

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში შეზღუდვები ” მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” შეტანილმა ცვლილებებმა დააკანონა, მანამდე კი ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით  პირველი   კომენტარი ვენეციის კომისიის მდივანმა, სტრასბურგში, ხუთშაბათს    გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა . იმავე დღეს კი  მისი კომენტარი  სააგენტო ”ინტერპრესნისუმა” არაზუსტი სახით გაავრცელა.

"ვენეციის კომისიას არ უნახავს უკანასკნელი ცვლილებების პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კანონპროექტი დეკემბერში და ჩვენი მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოვთქვით. თუმცა, მოგვიანებით ისეთ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელშიც შევიდა, ჩვენი აზრით, არსებითად განსხვავებული ცვლილებები და ახალ კანონში სახეზეა მთელი რიგი დამატებითი აკრძალვები". - თომას მარკერტის კომენტარი ამ ფორმით იყო მოყვანილი სააგენტოს მიერ  გავრცელებულ ცნობაში, რომელიც სააგენტოს ვებ-გვერდზე აღარა გამოქვეყნებული. სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ვენეციის კომისიის მდივანმა თქვა : ”ჩვენ დასკვნა კანონპროექტზე დაყრდნობით მივიღეთ დეკემბერში, მაგრამ ამის შემდეგ, კანონი შინაარსობრივად შეიცვალა . სახეზეა რიგი დამატებითი შეზღუდვებისა . ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამართლებული იყოს, ვინაიდან ძალიან ბევრმა ფულმა შესაძლოა პოლიტიკა დააზარალოს. მაგრამ, ჩემთვის ძნელია კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ ტექსტი განსხვავდება იმისგან, რაც განვიხილეთ."

როგორც ვხედავთ ინტერპრესნიუსმა თომას მარკერტის ნათქვამი არაზუსტად და არასრული სახით გაავრცელა . სააგენტოს მიერ გავრცელებულ ტექსტში ნახსენები იყო ”აკრძალვა”, როცა მარკერტმა ახსენა ”შეზღუდვა” და თანაც არსად ჩანდა ნათქვამი: ” სახეზეა რიგი დამატებითი შეზღუდვებისა , ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამართლებული იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ფულმა შესაძლოა პოლიტიკა დააზარალოს.”

საკითხზე ზოგად კონტექსტში შემეძლო საუბარი , აღნიშნა მარკერტმა უკვე 27 იანვრის  კომენტარში და გაიმეორა , რომ საქართველოს პარლამენტმა კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიაში კანონპროექტის განხილვის შემდეგ , დამატებითი შესწორებებით შეიტანა , რომ საბოლოო ტექსტი კომისიას კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნა და მასზე კომისიაში მსჯელობა აღარ ყოფილა.

ვენეციის კომისიის მდივნის აზრით, პარტიათა დაფინანსება რთული სფეროა, ევროპული პრინციპები კი შესაძლოა არ იყოს იმდენად ნათელი, ვინმემ თქვას , რომ ესა თუ ის ნორმა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს.  კომისიის მდივანი ვერ ხედავს აზრს კომისია მიუბრუნდეს უკვე მიღებულ კანონზე მსჯელობას. „პარლამენტი არის სუვერენული საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი იმისათვის არაა, რომ მხოლოდ იმპლემენტაცია გაუკეთოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ამასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს.“-  მოჰყავს სააგენტო ინტერპრესნიუსს  თომას მარკერტის 27 იანვრის კომენტარი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა გასული წლის ბოლოს და მას შემდეგ კანონის 26 -ე პრიმა მუხლით დადგენილია პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ასევე გავრცელდეს : იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ასევე, იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. პირზეც, რომელსაც გაცხადებული აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები.

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე,  ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილ კანონპროექტში წარმოდგენილი 26 პრიმა მუხლი აღნიშნავდა ამ თავით პოლიტიკურ პარტიებზე გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელებას იურიდულ პირზე, თუკი იგი  პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან ან არის სხვა მხრივ პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ; იურიდიულ პირზეც, რომელიც თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ან სხვა პირების დახმარებით უბიძგებს ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს ან თავი შეიაკავოს მხარდაჭერისაგან და თუკი მისი დანახარჯები ( პირდაპირ ან ირიბად) დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიის აქტივობასა და მიზნებთან.

 

კომენტარები