რაგბი

რაგბი: გია ნიჟარაძე კვლავ პრეზიდენტია

საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლით კვლავ გია ნიჟარაძე უხელმძღვანელებს: ქორთიარდ მერიოტში გამართულ ყრილობაზე მის კანდიდატურას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

”როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი მისით იწყება, აი, იქ უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ბიძინა გეგიძეს და მის გუნდს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოახერხეს, მერაბ ანთიძეს და მის გუნდს, რომლებმაც ფუნდამენტი შეგვიქმნეს. ახლა ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენი წასვლის დროც მოვა და მომავალ თაობას უნდა დავახვედროთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რათა მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ”, - თქვა შესავალში კიდევ ერთი ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა.

გია ნიჟარაძის თქმით, მომავალი წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის დაფინანსებას გაზრდის რაგბის საერთაშორისო საბჭო - IRB. ორგანიზაციამ საქართველო II დონის სარაგბო ქვეყნებში უკვე გააწევრიანა და დაფინანსება გაუზარდა, 2013 წლიდან კი, საქართველო ელიტარულ, პირველი დონის ქვეყნებს გაუტოლდება და დაფინანსებაც შესაბამისად გაეზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიცვლება საქართველოს ნაკრებისა და ქართული რაგბისადმი მიდგომა დაბორჯღალოსნებს ძლიერ მეტოქეებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ, ეს კი წინსვლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

“ქართული რაგბის პოტენციალის მწამს და მსურს, ის უფრო მაღალ საფეხურზე ვიხილო. თუ დანაპირებს ვერ შევასრულებ, მზად ვარ, ადგილი სხვას დავუთმო. წინ დიდი სამუშაო გველის”, - განაცხადა კიდევ 4 წლით არჩეულმა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები