სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. სესია განიხილავს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხს რიგ ქვეყნებში, უკრაინის ჩათვლით. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეა უკრაინაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ თავმჯდომარედ საფრანგეთის დელეგაციის თავმჯდომარე ჟან-კლოდ მინიონი აირჩია.
ზმათრის სესიაზე დაგეგმილია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის და ფინეთის პრეზიდენტის ტარია ჰალონენის გამოსვლები, 25 იანვარს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიმართავს.
23 იანვარს, ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას ვაშაძე ყურადღებას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და საქართველოს სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრებს.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს შეხვდება.




