ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებულ რეგიონებში ქართულ კვალს მიზანმიმართულად შლიან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობასა და მათი დაცვის ღონისძიებებზე იმსჯელეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების, საპატრიარქოს და სამეცნიერო წრეების , აგრეთვე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. სხდომაზე აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე   ეკლესია–მონასტრებსა და სხვა კულტურულ–ისტორიულ ძეგლებზე ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლის პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო . საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით იუნესკოსთან. კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ იუნესკოს მისია შესძლებს აფხაზეთში შესვლას, იქ არსებული ვითარების შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით აღარ არსებობს ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება, რომელიც ბედიის ტაძარში იყო. ქართული კვალი მიზანმიმართულად წაშლილია ილორში, ვანდალიზმის ფაქტებია დაფიქსირებული სვიმონ კანანელის, დრანდის, გაგრის ეკლესიებში. მათი თქმით, ფაქტები ბევრია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტები მსოფლიოში მრავლადაა და კარგი იქნება, თუკი საქართველო გახდება საერთაშორისო კონფერენციის გამართვის ინიციატორი - პრობლემების გადაწყვეტის გზების განსახილველად.

აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლების არასწორ რესტავრაციას რუსული მხარეც აღიარებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის   გიორგი გაგოშიძის  განცხადებით,  ICOM–ის (მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაცია) რუსული ბიუროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილორის მონასტერი ნამდვილად შეთეთრებულია და ეს უნდა გამოსწორდეს, დადასტურებულია ისიც, რომ ილორის გუმბათი არ არის ავთენტური.  გაგოშიძის ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა დრანდის ეკლესიაშიც, სადაც უძველეს ბაფთისტურ  სანათლავს  რკინა–ბეტონის სანათლავი დადგეს.

პარლამენტში გამართულ შეკრებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარე ფლობს ძალიან მწირ ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში არსებული ძეგლების მდგომარეობის შესახებ. ”ვიცით მხოლოდ ის, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს აჩაბეთში მაჩაბლის სახლ-მუზეუმი დაიწვა და სვერში XVII-XVIII საუკუნის ხის ეკლესია განადგურდა". - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

 

 

 

კომენტარები