სამეგრელო

ლაზიკას მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი სკოლა გაიხსნა. ის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი . სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, ამჟამად იქ 200 -მდე მოსწავლე ირიცხება. სკოლაში იმუშავებს კომპიუტერული ლაბორატორია .

სამეგრელოს რეგიონში სხვა სიახლეცაა. მარტვილის რაიონში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ცენტრი აშენდა, რისთვისაც 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, ის ერთდროულად 15 ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.

ორივე ახალი ობიექტი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მარტვილის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა , რომ რამდენიმე დღეში ქალაქ ლაზიკას მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. „ამ დღეებში შევდივართ იქ ჭაობების დასაშრობად, შევდივართ ტექნიკით, გვაქვს გეგმები, მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები. ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის. შეუძლებელია გყავდეს ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, განათლებული ხალხი და ვერ განავითარო შენი სავაჭრო გზები და არ გქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საპორტო და სხვა კომუნიკაციები. შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი და ის უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები