ივანიშვილი პოლიტიკაში

ეკატერინე ხვედელიძე საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ

 

ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ, რომელიც პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.

„ჩემს მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ მოქმედებასა აქტიურობას და, შესაბამისად, მე გავაკეთებ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისთვის და ჩემი სამშობლოსათვის“, - განაცხადა ხვედელიძემ.

მისი თქმით, “საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობით, საქმისადმი თავდადებით“.

“იმედია ხელისუფლება ისეთ კანონს ვერ მიიღებს, რომელიც ჩემს მეუღლეს აუკრძალავს რჩევა მომცეს ან გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმაროს“. - აღნიშნა ეკატერინე ხვედელიძემ.

პოლიტიკურ გეგმებზე და მეუღლის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ თავად ივანიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ოჯახმა „ერთხმად და შეგნებულად“ მიიღო. „ეს იქნება ეკა ხვედელიძე-ივანიშვილი. ჩემი გვარია საჭირო, რადგანაც მოსახლეობას ჩემი გვარი აინტერესებს დღეს და სხვა გვარი არც განიხილებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გარემოცვაზეც ისაუბრა.

"ძალიან კარგი გარემოცვა მყავს, ფიქრობენ, რომ მე ვიღაცეები რაღაცეებს მაწყვეტინებენ. ასეთი კაცი არ ვარ, 10 წლიდან დამოუკიდებლად გავიზარდე. 12 წლის უკვე მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ დავდიოდი სკოლის არდადეგებზე , ძალიან დამოუკიდებელი ვარ.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ხაზი და გაუსვა, რომ რასაც მიუღებლად მიიჩნევს კარნახით ვერავინ მიაღებინებს, თქვა ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბოლო სიტყვას ის ამბობს.

კომენტარები ეკარერინა ხვედელიძემ და ბიძინა ივანიშვილმა ქართული თეატრის დღეს - 14 იანვარს გააკეთეს. საღამო აკაკი ხორავას სახელობის სახლში გაიმართა.

 

კომენტარები