ჯანმრთელობა

ფილტვებისთვის თამბაქო მარიხუანაზე მავნებელია

მარიხუანას პერიოდული მოხმარება ფილტვების ფუნქციონირებას გრძელვადიან ზიანს არ აყენებს - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.

 კვლევის ფარგლებში ალაბამასა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მეცნიერები მარიხუანისა და თამბაქოს 5000-მდე მომხმარებელს აკვირდებოდნენ.

 კვლევის პროცესში ფილტვებში ჰაერის გამტარობა და მისი მოცულობა ხუთჯერ გაზომეს. შედეგად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ თამბაქოს 20 წლის მანძილზე მომხმარებლებს ფილტვების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, მარიხუანას მომხმარებლებს - არა. ფილტვების ფუნქციონირების დაქვეითება მარიხუანას მხოლოდ ძალზედ აქტიურ მწეველებს (თვეში 20 ღერზე მეტი) აღენიშნათ.

 კვლევის ხელმძღვანელის, ალაბამას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის სტეფან კერტესის თქმით, ამერიკელებს შორის, მარიხუანას დაბალი ან საშუალო დოზით მომხმარებლები ჭარბობენ, ამიტომ, შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მის ზომიერ მოხმარებას გრძელვადიანი ზიანი არ მოაქვს. თუმცა, მისივე თქმით, ეს მარიხუანას მოხმარებისთვის მწვანე შუქის ანთებად არ უნდა განვიხილოთ.

კვლევას აშშ-ს ნარკოტიკების მავნე გავლენის შემსწავლელი ინსტიტუტიც გამოეხმაურა. მისი წარმომადგენელის თქმით, ამ შედეგებმა არ უნდა გადაფაროს მარიხუანას მოხმარების უკვე დადგენილი უარყოფითი შედეგები. მაგალითად, უარყოფითი გავლენა შემეცნების უნარზე, პანიკისა და ფსიქოზის შესაძლო ნიშნები ინტოქსიკაციის დროს, გარდა ამისა, შეჩვევის რისკი, რაც მომხმარებელთა 9%-ში აღინიშნება.

აშშ-ი მარიხუანა ყველაზე მოხმარებადი არალეგალური ნარკოტიკია. დღემდე 16 შტატში მარიხუანა დაშვებულია სამედიცინო მოხმარებისთვის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძლიერი ტკივილები აღენიშნებათ, კიბო ან შიდსი აქვთ.

 

კომენტარები