ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის მეუღლე პარტიას შექმნის

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" იურისტთა ჯგუფის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

 მისი ინფორმაციით, ეკატერინე ხვედელიძემ მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.

 კბილაშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მაშინვე ძალაში არ შედის. ვიდრე ზემდგომ ორ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ვერ შეიძენს.

 "თუმცა, არის გამონაკლისი, როდესაც განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, პირს შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სთხოვოს, გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ეკატერინე ხვედელიძემ. ადვოკატმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის მოტივაციად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და ეკატერინე ხვედელიძის სურვილი მიიღოს მასში მონაწილეობა.

 27 დეკემბერს სასამართლომ განიხილა ივანიშვილისა და ხვედელიძის სარჩელი მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეობა უნდა აღუდგეს ხვედელიძეს, თუმცა ივანიშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დარჩა.

 ივანიშვილის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. არჩილ კბილაშვილს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის მხარეს გუშინ ჩაბარდა და მისი გასაჩივრებისთვის მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც შეუძლია ხვედელიძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

 

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, პოლიტიკური პარტიას მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჩაუდგეს სათავეში.

 

კომენტარები