არჩევნები

ახალი მემარჯვენეები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას

ახალი მემარჯვენეები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ. პარტიის ლიდერის, დავით გამყრელიძის, თქმით, გასულმა ათმა წელმა აჩვენა, რომ პარტიამ არჩევნებში დამოუკიდებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ყველა გაერთანება საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი ნიჰილიზმის მიზეზი ხდება მალე დაშლის გამო. "ფაქტია, რომ ალიანსმა, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანი უნდა ყოფილიყო, ერთი წელიც კი ვერ გაძლო"- განაცხადა გამყრელიძემ პრაიმ ტაიმის პრესკლუბში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ ნებისმიერი გაერთიანება, იქნება ეს ფულით, თუ ვინმეს ავტორიტეტით განპირობებული, საბოლოოდ დაშლისთვისაა განწირული.

 მომავალი არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. ის უკვე შეუთანხმდა რესპუბლიკურ პარტიასა და ალასანიას თავისუფალ დემოკრატებს სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე მას შემდეგ, რაც პარტიას დაარსებს. ვინაიდან ის საქართველოს მოქალაქე არ არის, პარტიის შექმნის უფლება არ აქვს. ის მოქალაქეობის დაკარგვას სასამართლოში ასაჩივრებს. ივანიშვილი არც იმ ვარიანტს გამორიცხავს, რომ პარტიის ლიდერი მისი შვილი, ან რომელიმე ახლო ნათესავი გახდეს, რომ მისი გვარი გაჟღერდეს და ამგვარად კონცენტრირდნენ მის ირგვლივ. კოალიციამ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, შესაძლოა, საარჩევნო ბლოკიც შექმნას - უკვე შეთანხმდნენ კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის ლიდერ კობა დავითაშვილთან. თავის მეორე წერილში ივანიშვილმა დაასახელა ის "ფსევდო-ოპოზიციური" პარტიები, რომელთანაც არ ითანამშრომლებს: დავით გამყრელიძის ახალი მემარჯვენეები; გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტები; ეროვნულ–დემოკრატიულ პარტია; ქართულ პარტია; გია თორთლაძის დემოკრატიულ პარტია და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები.

 

კომენტარები