ბორჯომი

2012 წლიდან მინერალური წყალი ბორჯომი, შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს

საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International–ი რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. IDS Borjomi International–ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ აშუროვი 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს როსპოტრებნადზორ–ის ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს შეხვდა და 2012 წელს რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ ექსპორტის განახლების შესაძლებლობა განიხილა. როსპოტრებნადზორი მზად არის განიხილოს IDS Borjomi International–ის წინადადება იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობა. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე IDS Borjomi International–ს რუსულმა მხარემ რამდენიმე ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზა. IDS Borjomi International–ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ აშუროვის განმარტებით, თავის მხრივ კომპანია მზად არის გადადგას ყველა ნაბიჯი, რათა შეასრულოს როსპოტრებნადზორის მოთხოვნები.

IDS Borjomi International–ის მფლობელი კომპანია Salford Capital Partners Inc.–ია. IDS Borjomi International–ის საწარმოთა ჯგუფს, რომლებიც მინერალურ წყლებს აწარმოებენ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. მთავარი ოფისი კიევშია განთავსებული. IDS ბორჯომი საქართველო, იგივე საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, ამ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც „ბორჯომის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების და წარმოების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

 

კომენტარები