თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მეორე სასამართლო დასრულდა. მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტი რომეო სარქისოვისა და ვახტანგ ბეჟანიშვილის მიმართ ერთხმად გამოიტანეს. ლევან კიკაბიძე კი დამნაშავედ 10-მა ცნო 2-ის წინააღმდეგ. სასამართლომ ამ უკანასკნელს 22 წელი მიუსაჯა, სარქისოვსა და ბეჟანიშვილს კი - 17 და 16 წელი, შესაბამისად.
საქმე ნომერ პირველ კოლონიაში შვიდი წლის წინ ჩადენილ დანაშაულს შეეხებოდა. მაშინ ნოდარ მატიაშვილი კოლონიის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ის მძინარე მოკლეს ქურდული სამყაროს წევრთა დაკვეთით. მძინარე მარტიაშვილი ჯერ გაგუდეს და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. დანაშაული გაუხსნელი იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც შეესწრო დანაშაულს, სამართალდამცავებს უამბო ამის შესახებ.
ნაფიცმა მსაჯულებმა ინსტიტუტის ამოქმედებიდან პირველი ვერდიქტი გასულ თვეში გამოიტანეს. ის პირველ შემთხვევაშიც გამამტყუნებელი იყო.




