საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის და პოლიტიკაში ახლადმოსული მილიარდერი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის სახით, ნათქვამია კვლევაში, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 11–22 ნოემბერს ჩაატარა.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ოქტომბრის მიწურულს დაფუძნდა და მისი დაფინანსების სურვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა. ამ ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლიდან პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 26,1 ისურვებს, მიხეილ სააკაშვილს კი 24,2 პროცენტი. ხვალ რომ არჩევნები იყოს საარჩევნო ბარიერს 2 პოლიტიკური ძალა გადალახავდა: ნაციონალური მოძრაობა 36 პროცენტით და ივანიშვილის ჰიპოტეტური პარტია 32 პროცენტით. გამოკითხულთა 56, 3 პროცენტი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას. თუმცა, 46.2% აფასებს დადებითად მის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განმარტა, რომ კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3000 საარჩევნო ასაკის რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა.
“ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს ჰქონდა, მაგრამ არა ამ კონკრეტული საქმისთვის. ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დაგვეფინანსებინა ეს კვლევა“, – განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე . ამასთან მან განმარტა , რომ ”კვლევა ძალიან სერიოზული თანხა დაჯდა”.
გია ხუხაშვილმა ”ტაბულასთან” საუბარშიც კატეგორიულად უარყო კვლევასთან ივანიშვილის და მისი ფინანსების კავშირი. მართალია საწყის ეტაპზე ხუხაშვილმა, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა და სხვა პირებმა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნეს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი , ხუხაშვილის თქმით: ”იმისთვის, რომ კვლევებთან დაკავშირებით არ წარმოქმნილყო ინტერესთა კონფლიქტი , იაგო კაჭკაჭიშვილი განზე გაიწია და არჩია ემოქმედა დამოუკიდებელი ინსტიტუტის სახელით, თუმცა ჩვენ ვართ მეგობრები და გვაქვს კარგი ურთიერთობა. ”
გია ხუხაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ კვლევასთან დაკავშირებით ”საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” იყო კვლევის დამკვეთი, იაგო კაჭკაჭიშვილის ” სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” კი შემსრულებელი.




