აშშ-რუსეთის ურთიერთობა

პუტინი აშშ-ს რუსეთში საპროტესტო გამოსვლების გამო ადანაშაულებს

” აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავისი შეფასებით წაახალისა ზოგიერთი ჩვენი მოღვაწე, მისცა რა მათ სიგნალი. ამათმაც შეისმინეს ეს სიგნალი და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყეს აქტიური ქმედებები”- განაცხადა რუსეთის პრემიერ -მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ორიოდ დღის წინ ვილნიუსში გააკეთა განცხადება რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელით მან გამოხატა შეშფოთება არჩევნებზე შემჩნეული დარღვევების გამო და თქვა, რომ რუსეთში დუმის არჩევნები ”არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი”. რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე შემჩნეული მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, ბრიტანეთის სახელით შეშფოთება გამოთქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან განმარტა, რომ ენდობა საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებს, რომლებიც ”შემაშფოთებელია”. დუმის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმაც. მან თქვა, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა და ზეწოლა დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთში მიმდინარეობს მზადება შემდგომი აქციებისთვის. მიტინგი მოსკოვში 10 დეკემბერს არის დანიშნული. რევოლუციის მოედანზე დაგეგმილი აქცია შეთანხმებულია ხელისუფლებასთან. განცხადებაში მითითებულია, რომ აქციაში 300-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციის Facebook-ის გვერდზე კი აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე 25000 -მდე მოქალაქემ გამოთქვა.

 

 

კომენტარები