მინისტრთა საბჭო

სერგი კაპანაძე ფილიპ გორდონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს შეხვდა. შეხვედრა ვილნიუსში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს მე-18 სხდომის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას.

სერგი კაპანაძემ ასევე შეხვედრა გამართა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ფილიპ ლეფორტან, გედრიუს ჩეკუოლისტან და ანტი ტურუნენთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და  ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, მე-18 რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 14 დეკემბერს არის დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მინისტერიალის ფარგლებში ასევე  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ჟირი შნაიდერს შეხვდა.  საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის ასპექტებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

კომენტარები