მომსახურება

საგანგებო სამსახურების მხოლოდ ახალი სატელეფონო ნომრები იმუშავებს

7 დეკემბრიდან საგანგებო და სპეციალური სამსახურების მხოლოდ ახალი სატელეფონო ნომრები იმუშავებს. ცვლილების პირველ ეტაპზე ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვლა 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით და ისინი შემდეგი სახის გახდა: სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები - 01 და 011, შეიცვალა ნომრით - 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვალა ნომრით - 113; გაზის საავარიო სამსახურის ნომერი - 04, შეიცვალა ნომრით -114; საპატრულო პოლიციის ნომერი - 022, შეიცვალა ნომრით - 122; დაცვის პოლიციის ნომერი - 025, შეიცვალა ნომრით - 125.

გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე აბონენტებს ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრებით ერთდროულად შეეძლოთ ესარგებლათ. 7 დეკემბრიდან კი  ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX  ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.  სახანძრო -სამაშველო სამსახური - 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 113, გაზის საავარიო სამსახური - 114, საპატრულო პოლიცია  - 122, დაცვის პოლიცია - 125.

შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი ”0” -ით ან ციფრი ”8”-ით იწყება. მაგალითისთვის: საინფორმაციო საცნობარო სამსახურები „08“ და „09“ გახდება 118 08 და 118 09.

ასევე, 2011 წლის  14 დეკემბრიდან  დაიწყება პრეფიქსის ”8” შეცვლა ეროვნული პრეფიქსებით ”0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით  ”00” (საერთაშორისო ზარებზე). პრეფიქსები „8“, ”0” (ქვეყნის შიდა ზარებზე) და  ”00” (საერთაშორისო ზარებზე) 2012 წლის 12 იანვრამდე ერთდროულად იმუშავებს. უკვე 2012 წლის 12 დეკემბრიდან კი მხოლოდ ახალი ფორმატის ეროვნული და საერთაშორისო პრეფიქსის გამოყენება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8–16, 8–10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად: საერთაშორისო ოპერატორი 8–07 გახდება 10–07; საერთაშორისო ოპერატორი 8–16 გახდება 10–16; საერთაშორისო ოპერატორი 8–10 გახდება 10–10 და ასე შემდეგ.

კომენტარები