მომსახურება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვს

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს გააუქმოს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბერს გამოცემული დადგენილება  489.

ლაპარკია დადგენილებაზე, რომელიც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის «112»-ის მომსახურებს საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცებას  ეხება. 

”ამ დადგენილების საფუძველზე 2012 წლის იანვრიდან მოქალაქეთა სააბონენტო ნომრების სადეპოზიტო ანგარიშებიდან 0.20 ლარის დაქვითვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან არ უსარგებლიათ 112-ის მომსახურებით. თანაც, დაქვითვა განხორციელდა იმ დროს როდესაც შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- 112 - ფაქტობრივად არ არსებობდა.”- აღნიშნულია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის”  განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სადაო ნორმატიული აქტით დადგენილი მოწესრიგება ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობის ძირითად უფლებებს, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით.

”მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც "112"-ს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს, ასევე, ფიქსირებული სატელეფონო ნომრების მფლობელებს, რომლთა ტელეფონი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული ან ისარგებლა ფასიანი მომსახურებით და ა.შ.   ადამიანთა 2 ჯგუფის დიფერენცირების ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა ტელეფონით სარგებლობა და თვის განმავლობაში მობილური ოპერატორის მომსახურებაში დახარჯული თანხის ოდენობა, არაგონივრულია, რადგანაც ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტელეფონი ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს. ”- აცხადებენ განცხადების ავტორები.

 ”კონსტიტუციის 42- მუხლი” პრეზიდენტს სთხოვს, გააუქმოს 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება. ამავე დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მიმართა.

 

კომენტარები