მუსიკა

ქართველი SOS ტალანტები პარიზის პუბლიკის წინაშე წარდგებიან

13 დეკემბერს პარიზში სამი ახალგაზრდა პიანისტი საქართველოდან მიიღებს მონაწილეობას საზეიმო გალა კონცერტში, მარსელ დასოს სასახლეში, ელისეის მინდვრებზე. იგი  პიანისტთა საერთაშორისო ფონდის SOS TALENTS-ების მხარდასაჭერად ეწყობა.

ფონდი SOS TALENTS  ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა, მიშელ სონიმ  10 წლის წინ დაარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად, ასევე მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებაში სათანადო პირობების შექმნა. დღესდღეობით ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია.

ქართველი პიანისტების ხელშეწყობის მისია კი ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. მიშელ სონისა და SOS TALENTS სახელს უკავშირდება ქართული ახალი თაობის წარმატებული გვარები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე ქუთაისიდან, თედო დიაკონიძე, რომელმაც ახლახანს მოიპოვა "Grand Prix" ლიტვის საერთაშორისო ფესტივალზე.

ანა ყიფიანმა ფონდის დაფინანსებით შარშან მიიღო მონაწილეობა ვერბიეს ფესტივალის მასტერ-კლასებში და გახდა ამავე ფესტივალის საპატიო ელჩი. 2012 წლის 8 იანვარს კი ანა მონაწილეობას მიიღებს ახალი წლის საერთაშორისო ფესტივალში -შვეიცარიაში.

FOUNDATION SOS TALENTS პარტნიორები და სპონსორები არიან დასო გრუპ (GROUPE DASSAULT), EURONEWS, MEZZO, TV5 MONDE, გაზეთი FIGARO და სხვა საერთაშორისო ჟურნალები და ტელევიზიები.

ფონდი SOS TALENTS თანამშრომლობს დედოფალ ელიზაბეტის სახელობის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსთან ბრიუსელში.

ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტები მრავალჯერ გადაიცა პირდაპირ ეთერში  MEZZO -ზე, სადაც თედო და ანა მონაწილეობდნენ. 

წელს SOS TALENTS -ს წარმოადგენენ სრულიად ახალი თაობის პიანისტები, 7 მომავალი ტალანტი სხვადასხვა ქვეყნიდან, 3 პატარა კი საქართველოდან: 8 წლის ბარბარე თათარაძე, 8 წლის ილია ლომთათიძე და 14 წლის გვანცა ქობალია. ისინი წელს ზაფხულში უკვე იმყოფებოდნენ მაესტრო მიშელ სონის მიწვევით შვეიცარიაში სადაც ერთ კვირიან მასტერ კლასებში მიიიღეს მონაწილეობა.ამჟამად კი, პარიზის პრესტიჟული პუბლიკის წინაშე უნდა წარდგნენ. 

მომავალშიც ბევრი საინტერესო კონცერტი არის დაგეგმილი. ბარბარე თათარაძე უკვე მიწვეულია ვილნიუსის ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე ორკესტრთან ერთად და ასევე ბელგიაში სოლო კონცერტის ჩასატარებლად.  

კომენტარები