ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის არჩევნებზე კვლავ ჯიოევა ლიდერობს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. 85-დან 74 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შედეგად, ალა ჯიოევას ხმა ამომრჩეველთა 56,74 პროცენტმა მისცა, ანატოლი ბიბილოვს - 40-მა პროცენტმა.

მანამდე მმართველმა პარტია „ედინსტვო“-მ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სახელისუფლებო პარტია ალა ჯიოევას მომხრეებს დარღვევებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. სასამართლოს სხდომა დღეს არის დაგეგმილი. ე. წ. უზენაესის სასამართლოს თავჯდომარემ აცამაზ ბიზენოვმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება პროცესის დასრულებამდე აკრძალა. თუმცა, როგორც დღეს ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევამ განაცხადა, კომისიას არ მიუღია რაიმე საჩივრები და არც ოფოციალური მოთხოვნა უზენაესი სასამართლოდან.

ალა ჯიოევას მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ხელისუფლება შედეგების ბათილად ცნობას გეგმავს.

როგორც, თავის მხრივ, სახელისუფლებო კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებს წინასწარ შედეგებს არასწორად მიიჩნევს. ბიბილოვს მტკიცებით, კომისიის წევრები მოსყიდულები არიან ოპოზიციონერი კანდიდატის მომხრეების მიერ. თუმცა, იგი მზადაა უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მოვლენები ე. წ. სამხრეთ ოსეთში „არ განიხილება როგორც არჩევნები“. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელიც კრემლში დაიგეგმა და მის შედეგებზე პასუხისმგებელ მოსკოვია.

მისი თქმით, ე.წ. პირველ ტურს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სწრაფი და ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. „როგორც აშშ-მა, ასევე ევროკავშირმა ერთიანი ხმით დაგმეს იქ მიმდინარე მოვლენები. ”- აღნიშნა კალანდაძემ.

 

 

კომენტარები