წიგნის რევიუ

ლეას საათზე მოქოქილი საქართველო

ახალი ქართული რომანის გამოჩენა მკითხველისთვის ერთგვარი გამოწვევაა, გამომცემლისთვის – კიდევ ერთი განხორციელებული პროექტი და გამარჯვება, ხოლო მწერლისთვის – საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის დადასტურება. სწორედ მკითხველის მოლოდინშია წიგნი, რომელიც „ინტელექტმა“ ირაკლი სამსონაძის ავტორობით გამოსცა.

„ლეას საათი“ ირაკლი სამსონაძის პირველი რომანია. მწერალი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც დრამატურგი, რადგან მისი პიესები საქართველოს თეატრებში იდგმება. ავტორის შემოქმედება თვალსაჩინო თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გახდა, როდესაც 1985 წელს, ჟურნალ „ხელოვნებაში“, მისი პირველი პიესა ,,შუაღამისას“ გამოქვეყნდა. 1992–96 წლებში იყო „დრამატურგიის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996–98 წლებში – მთავარი რედაქტორი. მისი ავტორობით გამოცემული პირველი წიგნიც პიესების კრებულია, სახელწოდებით „ტრიპტიქი“ (2000), რომელსაც მოყვა მოთხრობების კრებული „გარეუბანი“ (2003) და მისი ნაწარმოებებიდან, პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამორჩეულად საყვარელი „ყურთბალიში“ (2004). სწორედ „ყურთბალიშის“ გაცნობის შემდეგ გაუძლიერდა მკითხველს სამსონაძის კიდევ ერთი ახალი პროზაული ნაწარმოების წაკითხვის სურვილი.

ირაკლი სამსონაძეს სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ამის დასტურია არაერთ ქალაქში, მაგალითად: ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისში, ცხინვალში, ჭიათურაში, ბათუმში, ასევე, ახმეტელისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, თეატრში ათონელზე და ა. შ. განხორციელებული სპექტაკლები. მისი პიესებიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა: ,,ბედნიერი ბილეთი“ (რეჟისორი გია ანთაძე, 1988), „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ (რეჟისორები: გიორგი თავაძე, 1991), „იქ, სადაც ღვარად მოედინება“ (რეჟისორი გიორგი თავაძე, 1996), ,,ვანილის მოტკო, სევდიანი სურნელი“ (რეჟისორები: რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე, 2006), ,,ყოფილების სარეცელი“ (ნინო ლიპარტიანი, 2010), ,,დაბოლილი მთვარე“ (რეჟისორი გიორგი თავაძე, 2010); ირაკლი სამსონაძე არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში პიესების კრებულისთვის ,,ტრიპტიქი“ (2001), ასევე, კონკურსების: ,,კვალი“, ,,საბა“, „დავით აღმაშენებელი“, „ახალი ქართული პიესა“ გამარჯვებული.

„ლეას საათი“ ერთმანეთის სრულმყოფი სამი ნაწილისგან – „მწყერი“, „მცხეთური პური“, „მსუქანი მეძავი“ – შედგება და მოკლედ რომ გითხრათ, საქართველოში ჩამოსულ ბაგართა გვარის სამსაუკუნოვან ისტორიაზე მოგვითხრობს. ,,წყვდიადი მაიძულებს, მხოლოდ წინ ვიცქირო. უნდა დავმკვიდრდე როგორმე, რათა ჩემს შთამომავალს სავსე მთვარედ ვექცე ზურგსუკან და გზა გავუნათო უკუნში! – ფიქრობს კონსტანტინე, რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირი. თუმცა, ქართული მიწისთვის ბაგარებს მწერალი ვერ ,,იმეტებს“. ამას თავისი ლოგიკური გამართლება აქვს რომანში, რომელიც დინამიურად ვითარდება, თხრობაში შემოდიან და შემოდიან პერსონაჟები, ვისაც ავტორი ძუნწად, სულ რამდენიმე შტრიხით გვიხასიათებს (მაგალითად: ,,ლეას თვალები დაეხარა, კოფთას შეფარებული მკერდი კი ნაპირს მოლამუნებული ტალღებივით თანაბარზომიერად და მშვიდად აუდ–ჩაუდიოდა და ლეაც იყო თანაბარზომიერი და მშვიდი“), თითქოსდა, მათი პორტრეტული ნიშნებისა და ხასიათის გამოკვეთა კი არა, მხოლოდ ბაგართა „საქმენი საგმირონიას“ წარმოჩენაა მთავარი. ამის პარალელურად ვითარდება საქართველოს ისტორია, რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ მეორე პლანზეა განხილული, მაგრამ იმდენად ზუსტი მინიშნებებით გამოირჩევა, რომ ეპოქას კონკრეტული საუკუნის მითითების გარეშე ამოიცნობთ. ,,ისტორიულ სიმძიმეს“ მწერალი პერსონაჟების კომიკურ სიტუაციებში ,,ჩაგდებით“ გვიმსუბუქებს. ასეთი ხედვა ირაკლი სამსონაძის დრამატურგიისთვისაც დამახასიათებელია, გავიხსენოთ, თუნდაც, მისი ,,ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ და ა.შ. აბა, რომელი მკითხველი არ გაიცინებს დაქვრივებული თინათინ აბაშიძე–ბაგარისა და ფოტოგრაფის ურთიერთობაზე? თავად უნდა წაიკითხოთ! ბაგარების საგვარეულო გენიოლოგიური ხის ,,აწყობა“ აზარტულიც არის . . . და რა შეიძლება ავტორის ერთ–ერთ მთავარ სათქმელად მივიჩნიოთ? შესაძლოა, ერთ–ერთი ამონარიდი, რომელსაც რომანის ბოლო თავში ვკითხულობთ: – ,,აწმყო წამია, რომელიც იყო და აღარ არის, ხელიდან გაგისხლტა, შენი წარსულის ყულაბაში ამოჰყო თავი. აქედან გამომდინარე, უმალ წარსული ხარ, ვიდრე აწმყო; ის მეტია, უფრო მძიმეცაა, ღონიერიც და მნიშვნელოვანიც ალბათ, ამიტომაც წარსულს ვერ მოკლავ, ვერ მოერევი, მაგრამ თუკი ძალიან მოინდომე, დროებით მიაძინებ; ჰოდა, ეძინოს წარსულსაო, – ამაზე შეთანხმდნენ იმ დღეს; ამ წუთითა და წამით ვიცხოვროთო, – ეს ხელშეკრულება გააფორმეს; მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება კი ყველაზე ნოყიერი ნიადაგია გაძუკნებისთვის“.

„ლეას საათის“ რედაქტორია ახალგაზრდა მწერალი ზვიად კვარაცხელია, რომელმაც რომანის პრეზენტაციაზე აღნიშნა: – „წლების წინათ, როდესაც ქართულ მწერლობაში ირაკლი სამსონაძის სახელით მოთხრობა „ყურთბალიში“ გამოჩნდა, ბევრი მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო ნამდვილი მწერლისა და ოსტატის მოთხრობა, რომელიც, გარკვეულწილად, ბადებდა იმის მოლოდინსაც, რომ ასეთი წიგნის ავტორი შექმნიდა რომანსაც და შექმნიდა ისეთ რომანს, როგორიც „ლეას საათია“. ვერ ვიტყვი, რომ მკითხველი ამ წიგნის კითხვით ისიამოვნებს... ეს არ არის სასიამოვნოდ საკითხავი რომანი, როგორც ხშირად საქებარ ტექსტებში უყვართ თქმა... მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ წიგნი სულმოუთქმელად იკითხება, რადგან დაწერილია ისეთი სტილით, ისე ორგანულად გათავისებული სტილით, რომელიც ნამდვილ ოსტატს შეუძლია. მასში ენა მთავარი პერსონაჟია, სხვა დანარჩენ პერსონაჟებთან ერთად და ეპოქის მიხედვით არის სტილიზებული... როდესაც მწერალი ენის სტილიზებას ახდენს ან ახერხებს, ხშირად ამავე ენის ტყვეობაში რჩება, რაც ირაკლი სამსონაძის შემთხვევაში არ ხდება. XIX საუკუნის სტილს ორგანულად ენაცვლება XX საუკუნის საბჭოური ენის თავისებურებები და ა.შ. რაზეა რომანი? მარტივად რომ გითხრათ, საქართველოზე, მის სამსაუკუნოვან ბედისწერაზე, თავისი ისტორიული ფონით... ერთი სიტყვით, ბაგარების გვარი საქართველოში შემოდის და თავის დამკვიდრებას იწყებს. ისინი ძლიერთა გვერდით დგებიან და მათთვის სულერთია, ვის სამსახურში ჩადგებიან ამ მიზნის აღსასრულებლად, მთავარია დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. წიგნში საიმედოა ის, რომ არც ერთი ბაგარი არ იმარხება ქართულ მიწაში, ანუ მას, ვინც იმ მიწის წინააღმდეგ მიდის, სადაც დამკვიდრება უნდა და იმ ხალხს უპირისპირდება, რომელმაც შეიფარა, მიწა არ ღებულობს“.

რომანი, როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, დაახლოებით, 6 თვეში დაიწერა. ამაზე საუბრისას ირაკლი სამსონაძემ გვითხრა: – ,,სხვათაშორის, ვფიქრობდი, რომ 5 თავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ჩავთვალე, რომ დღევანდელი მკითხველი ცოტა განადგურებული მკითხველია, მომეჩვენა, რომ ვერ აიტანდა ძალიან დიდი მოცულობის წიგნს... ახლა უკვე დარჩენილი ორი თავის ცალკე წაიგნად გამოცემაზე ვფიქრობ... ბაგარი, ამ შემთხვევაში, უფრო მაგართან ასოცირდება. . . ეს ,,მაგარი“ ხომ ნაცნობი თემაა ყველასთვის? რა მაგრები ვართ და ა.შ.“

,,ლეას საათის“ პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში, ირაკლი სამსონაძის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ამსახველი ფოტოებით გაფორმებულ სცენაზე გაიმართა.

 

კომენტარები