წიგნის რევიუ

ქართულად მისტერ დარსიზე

„ჩემთვის ედგარ ალან პოს პროზა, ისევე როგორც ჯეინ ოსტინის, ისაა, რაც არ იკითხება. არა, აქ არის განსხვავება. პოს პროზას რაღაც თანხის გულისთვის წავიკითხავდი, ოსტინისას კი არა. ჯეინის კითხვა აბსოლუტურად შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ მას მისცეს საშუალება ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო”, – მისთვის ჩვეული იუმორით ჰყვებოდა მარკ ტვენი ამ ინგლისელ მწერალ ქალზე. ტვენის ამ შეხედულებას, საერთოდ, ნაკლებად იზიარებენ ხოლმე. უფრო სწორად, ლიტერატურის მოყვარულთა აზრი ძირითადად ორად იყოფა – ჯეინ ოსტინი ან ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ. როგორც წესი, მისი რომანები ინტელექტუალების განხილვის საგანს ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, „სიამაყე და ცრურწმენა” სხვადასხვა ტოპ-სიებში ყოველთვის ხვდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანად მიიჩნევა, ამასთან, BBC-ის მიერ 2003 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნი SMS შეტყობინებების მეშვეობით უნდა გამოევლინა, რომანი მეორე ადგილზე მოხვდა.

ეს წიგნი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ბესტსელერიცაა, რის გამოც არეტემ აუცილებელი საკითხავის სერიით სულ ახლახან გამოსცა. გამომცემლობის ძირითადი მიმართულება პოპულარული მაღალმხატვრული წიგნების გამოცემაა. ერთხელ გია დარსალიამ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ წამგებიანი ლიტერატურის დაბეჭდვის ფუფუნება. „სიამაყე და მცდარი აზრი” (გამომცემლობაში საბოლოოდ სათაურის ამ ვარიანტზე შეჩერდნენ) ანა მაყაშვილმა თარგმნა, რომლისთვისაც ეს პირველი მხატვრული თარგმანია. როგორც ამბობს, თავიდან თვითონაც სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე, რომანის გმირებივით, ყოველგვარი მცდარი აზრი და სკეპტიკური სიამაყე გაუქრა.

„მივხდი, რომ ეს ძალიან კარგი წიგნია, – ამბობს მაყაშვილი, – მართალია, მთლად მადონას საბავშვო ტექსტივით იოლად არ მირაკრაკებდა, მაგრამ რთული სათარგმნი ნამდვილად არ აღმოჩნდა. პირიქით, თარგმნა ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც ალბათ ამ რომანის კითხვა. თან, განსაკუთრებით მას მერე, როცა BBC-ის ორსერიანი, ძალიან კარგი და პოპულარული ეკრანიზაცია ვნახე: სულ ყურში ჩამესმოდა გმირების ბრიტანული აქცენტი და დიალოგები და თვალწინ მედგა მთავარი პერსონაჟი – გოგონების დედა, კოლინ ფერტის განსახიერებული მისტერ დარსი და მთელი იმდროინდელი ინგლისი”.

მთარგმნელის აზრით, წიგნის წაკითხვა მხოლოდ დასავლეთში მისი პოპულარულობის გამო არ ღირს. პირველ რიგში, „სიამაყე და მცდარი აზრი” დღესაც ისეთივე თანამედროვეა, როგორიც ორასი წლის წინ იყო. „ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც ყველაზე გაცვეთილ თემებს დიდი ინტერესით გაკითხებს. ესაა რომანი სექსზე, ფულზე და ძალაუფლებაზე, დაწერილი ისეთი დახვეწილი ინგლისური იუმორით, რომ ხშირად, სიამოვნების გასახანგრძლივებლად, ფრაზას მეორედ უბრუნდები”.

„ამას წინათ ჩვენთან ერთი 14 წლის ინგლისელი გოგონა იყო სტუმრად. რომ გაიგო, ეს რომანი მქონდა ნათარგმნი, ძლივს დაიჯერა – რამხელა საქმე გაგიკეთებია, ჩემი საყვარელი წიგნი შენს ენაზე გითარგმნიაო. ქართველი მკითხველისგან განსხვავებით, ბრიტანელებისთვის ეს მართლა დიდი საქმეა. აი, უკეთ რომ წარმოიდგინოთ: ვერ ვიტყვი, რაც ჩვენთვისაა რუსთაველი, მათთვის ჯეინ ოსტინი იგივეა-მეთქი (იმიტომ, რომ იგივე ამ თვალსაზრისით უილიამ შექსპირია), მაგრამ თავის სამშობლოში ჩვენს თამარ მეფეს პოპულარობით არ ჩამოუვარდება”, – ამბობს მაყაშვილი. მისტერ დარსი ჩვენშიც ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟია, თუმცა არა ოსტინის, არამედ ჯო რაიტის, ინგლისელი რეჟისორის დამსახურებით. მან ამ ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გადაიღო და მთავარ როლში კირა ნაიტლი ათამაშა. ეს ბუნებრივია, რადგან ქართულ ენაზე ოსტინის რომანის თარგმნის პირველი მცდელობაა. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, ჯეინ ოსტინი პირადად გაიცნოს და ამ ეკრანიზაციის ღირებულებაც სხვა თვალით შეაფასოს.

კომენტარები