ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი რესპუბლიკელებს და თავისუფალ- დემოკრატებს შეხვდა

მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დღეს ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მხარეები სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ შეიქმნება რამდენიმე თემატური ჯგუფი და ამ ჯგუფების ფარგლებში გაიმართება მსჯელობა ყველა აქტუალურ საკითხზე, ეს იქნება: უსაფრთხოება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ” რესპუბლიკური პარტიის” წვერმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებისთვის უკვე შერჩეულია 35 პირი, თუმცა ”თანამშრომლობისთვის კარი ღიაა სხვა ძალებისთვისაც. ” ” ჩვენ უნდა შევაღწიოთ ყველა ოჯახში, უნდა აღვწეროთ ჩვენი ამომრჩეველი და რეალურად შევქმნათ პირობები არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის”- თქვა ბერძენიშვილმა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა და მას ”თავისუფალი დემოკრატების” და ”რეპუბლიკელების” სრული პარტიული აქტივი ესწრებოდა.

ბიძინა ივანიშვილს არც თუ დიდი ხნის წინ შეუჩერდა საქართველოს მოქალაქეობა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ მას მიღებული ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა. მილიარდერ ბიზნესმენს გადაწყვეტილი აქვს შექმნას პოლიტიკური პარტია , რისთვისაც მას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სჭირდება. პოლიტიკური პარტიის ნაცვლად ამ ეტაპზე ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის პრეზენტაციაც დეკემბერში უნდა გაიმართოს.

კომენტარები