ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის ქართული ოცნების პრეზენტაცია გადაიდო

მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია გადაიდო.  ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას 25 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა ივანიშვილის პრეს-სამსახური ირწმუნება, რომ  ტექნიკური ხასიათის წინააღმდეგობების  გამო  ღონისძიება დათქმულ დღეს ვეღარ ჩატარდება.  ბიზნესმენის პრეს-სამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც   ნათქვამია, რომ ივანიშვილის მხარე 3 ნოემბრიდან  მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სპორტის სასახლის და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის  ადმინისტრაციასთან,  მოლაპარაკებების პროცესში ივანიშვილის მხარეს  მუდმივად სთავაზობდნენ  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ 25 ნოემბერს დიდი საკონცერტო დარბაზიც დაკავებული  ყოფილა სხვა ღონისძიებით.  ” ეს არ არის პირველი  შემთხვევა მოლაპარაკებების გაჭიანურების, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საკითხის გადაწყვეტისას, ჩვენ ვითხოვთ დარბაზის გამოყოფას  ნებისმიერ დღეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.  ” -აღნიშნულია განცხადებაში.

 სპორტის სასახლის ადმინისტრაციაში საპასუხოდ  განაცხადეს, რომ  ”ქართული ოცნების” პრეზენტაციასთან დაკავშირებით შენობის დათმობისთვის წერილობითი თხოვნით  შაბათს მიმართეს ,  ოფიციალური პასუხი დღეს მომზადდება და ივანიშვილის მხარეს სამშაბათს გადაეგზავნება. ” ჩვენ მოგვთხოვეს ზეპირი პასუხი, რაზევ ვურჩიეთ დალოდებოდნენ ოფიციალურ პასუხს”-აღნიშნეს  სპორტის სასახლის ადმინისტრაციაში.

რაც  შეეხება ივანიშვილის პრეს-სამსახურის განცხადებაში ნახსენებ  პრესკონფერენციის  პირდაპირ ეთერში  ტრანსლირების საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებს,    მას შემდეგ, რაც   ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, რომ აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას , საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას შესთავაზა არხის რომელიმე პოლიტიკურ თოქ-შოუში  მონაწილეობა და ივანიშვილმა ეს შეთავაზება არ მიიღო. მან  გადაწყვიტა პრესკონფერენციის გამართვა საკუთარ რეზიდენციაში და მისი პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია მოითხოვა.   მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებელი დათანხმდა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემას იმ პირობით, თუ მასზე შეკითხვების დასმის საშუალება მიეცემოდა მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს და არ იმუშავებდა შერჩევითი პროცესი.  მოლაპარაკების პროცესში საკამათო თემა იყო პირდაპირი ეთერის ხანგრძლივობა. ივანიშვილის მხარე ითხოვდა პრესკონფერენცია მინიმუმ  40 წუთს გადაცემულიყო პირდაპირ ეთერში, მაუწყებელი აცხადებდა, რომ  საეთერო დრო განისაზღვრებოდა  იმის მიხედვით,  რამდენად საინტერესო იქნებოდა ის მაყურებლისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილის მხარე პრესკონფერენციის საკითხზე ურთიერთგამომრიცხავ  მოთხოვნებს აყენებდა, ითხოვდა  რეზიდენციაში გასამართი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას და უარს ამბობდა რეზიდენციის ტერიტორიაზე  მოძრავი  სატელიტური სადგურის და ტექნიკური პერსონალის   შეშვებაზე, იმ მოტივაციით , რომ ჯერ ყველაფერი ივანიშვილის  დაცვის სამსახურთან უნდა შეთანხმებულიყო. 

კომენტარები