რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი , რუსეთის პატრიარქ კირილსა და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებს , მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება არსებობდეს სირთულეები, გლობალური, ეკონომიკური და იდეოლოგიური პრობლემები, ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ხალხებს შორის ურთიერთობებს განამტკიცებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობს ამა თუ იმ ქვეყნის ხალხი და როგორ ფუნქციონირებს ეკლესია. "მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობა საერთაშორისო განვითარების შემადგენელი ნაწილია", - აღნიშნა მედვედევმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა რუსეთის პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში 18 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილეზე დასასწრებად გაემგზავრა. 19 ნოემბერს ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდა და იუბილე მიულოცა. პატრიარქებმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ერთობლივი წირვაც აღავლინეს. ილია მეორემ კირილს საჩუქრად საპატრიარქო კვერთხი გადასცა.
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდის ინფორმაციით, პარტრიარქმა კირილმა ილია მეორესთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქართველები და რუსები ორი ერთმორწმუნე ხალხი და მეზობლები არიან, „რომლებიც ასწლეულები ერთად ცხოვრობენ“. “ჩვენ ვლოცულობთ, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს და გვჯერა, რომ ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენი ურთიერთობებს“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. როგორც, თავის მხრივ, საქართველოს კათოლოკოს-პატრირქმა აღნიშნა, მართლომადიდებლბა “არის მყარი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნების და მთავრობებისთვის. მათ მაგალითი უნდა აიღონ ჩვენი ეკლესიებისგან“. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება გადაილახება. „ჩვენ კი, პატრიარქებმა და ეკლესიამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს,” – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.




