არქივი

ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის შესახებ

ბანკებზე და მათ მნიშვნელობაზე ბევრი გვსმენია და ბევრიც გვისაუბრია. მიგვიძღვნია ლექციები, გადაცემები, სტატიები. ეს ბუნებრივია, ვინაიდან საბანკო სექტორი ეკონომიკის ხერხემალია. ამაყი შეიძლება იყოს ის ხალხი, რომლის ქვეყანაშიც ჯანსაღი, ძლიერი საბანკო სექტორია ჩამოყალიბებული. გამართული საბანკო სექტორი ხომ უკეთესი ხვალინდელი დღეა. ეს არის ადამიანების უზრუნველყოფილი მომავალი. ეს არის მდგრადი ეკონომიკა.   

ბანკები არა მხოლოდ უდგანან ბიზნესს და მომხმარებელს გვერდში, არამედ ხელს უწყობენ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას ქვეყანაში, ქმნიან უამრავ სამუშაო ადგილს, ამკვიდრებენ კორპორატიული მართვის სტანდარტებს და სოციალური პასუხისმგებლობის სათავეში დგანან. თუმცა, როგორც ჩანს, დამოკიდებულება არ შეცვლილა – დღესაც ხშირად ვაწყდებით წყრომასა და რისხვას ბანკების მიმართ. განსაკუთრებით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, რაც, გარკვეულწილად, გასაგებია. ამ მხრივ, ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, ქართულმა საბანკო სექტორმა საოცარი მდგრადობა აჩვენა 2008 წლის რუსეთთან ომის დროს და გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ჩვენი საბანკო სისტემა ჯანსაღია. მართლაც თვითმოქმედების ნაყოფი, საქართველოს საბანკო სექტორი, კვლავაც გვაძლევს შესაძლებლობას მისით ვიამაყოთ, ხოლო ბანკებს – შევასრულოთ ეკონომიკაში შუამავლის ფუნქცია.

ირაკლი გილაური, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი

 

ილია ჭავჭავაძე

თვითმოქმედება, თავით თვისის საქმის აჩენა, გაძღოლა და გატანა, ისეთი თვისებაა ადამიანისათვის, ურომლისოდაც იგი უფრო მონაა, ვიდრე ბატონი. არც ცალკე კაცს, არც საზოგადოებას ერთად, უამთვისებოდ არ ძალუძს სთქვას, მე ვარ და ვცხოვრობო. უამთვისებოდ ერთიც და მეორეც სათრეველაა და არა თვითონ მავალი. კაცი, თუ საზოგადოება, რომელიც თვით არ მოქმედებს, თვით საკუთარის თაოსნობით ჭირს არ ებრძვის, მეტ-ნაკლებობისგან დახსნას თვით არ ეტანება, თავის სვე-ბედსა თვითონ არ იურვებს, – იგი ტვირთია, იგი მეტი ბარგია ამ ქვეყნიერობაზედ. კაცს თუ საზოგადოებას არა ეძლევა-რა ამ წუთისოფელში უშრომელად, გაურჯელად. მარტო იგი შრომაა, იგი გარჯაა ნაყოფიერი, რომლის საძირკველიც ანუ სათავე საკუთარი თაოსნობაა, და ძალ-ღონე კიდევ საკუთარი მარჯვენა. არამცთუ საზოგადო საქმეში, კერძო კაცის ცალკე ცხოვრებასაც რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ რომ არსებობისთვის ბრძოლასა და ჭიდილში მარტო იგია გამარჯვებული, ვინც თვით არის საქმის თაოსანი, საქმის ამჩენი და საქმის მოქმედიცა, ვინც თავისთავზეა მარტო დანდობილი და თავის საკუთარს მხნეობას და გარჯას ჰსახავს წყაროდ თავისის ცხოვრების განკარგებისა და წინ წაწევისად. 

ეს თვითმოქმედება, ეს თავით თვისით საქმის ჩენა, გაძღოლა და გატანა, რაკი ერთხელ აღფრთოვანდება და დაიძვრის, რაკი ერთხელ შაებმის ხოლმე ცხოვრების უღელში, მისი გამარჯვება, ძლევამოსილობით სვლა უეჭველია. მართალია, ეს თვითმოქმედება ხანდისხან ათასნაირ მოსალოდნელ და მოულოდნელ მიზეზთაგან  შეფერხდება ხოლმე, მაგრამ ბოლოს-კი მაინც თავისას გაიტანს და ამაშია მისი სიკეთე და ღირსებაცა. საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ შეჰქმნია. პირიქით, საცა ეგ თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც ცალკე და საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ-მკვდარი. 

ერთი ამისთანა ნაყოფი თვითმოქმედებისა ტფილისის და ქუთაისის ბანკებია და მათის შემწეობით დაარსებული სათავად-აზნაურო სკოლები. იგი ჩვენის საკუთარის ძალ-ღონით წარმართულნი. იქნება ბევრმა ნამეტანობა და გადამეტება შეგვწამოს, მაგრამ ჩვენ კი ამას ვიტყვით, რომ ბანკებსაც და მათის მეოხებით არსებულ სკოლებსა დიდი სასიკეთო მნიშვნველობა აქვს ჩვენთვის იმ მხრით, რომ იგინი ჩვენის თვითმოქმედების შვილნი არიან, ჩვენის თვითმოქმედების ძუძუთი იზრდებიან და იკვებებიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მნიშვნელობა მათი ბევრს ჩვენგანს გულსა და გონებაში ვერ მოუთავსებია, ვერ მოუნელებია, და ამიტომაც არა ერთხელ რისხვითა და წყრომით გამოლაშქრებულან ბანკებსა და მათს მნიშვნელობაზედ. არამცთუ ჩვენი დაბალის ღობის პუბლიცისტები, არამედ მოლექსენიც კი, და მათი შორის სახელგანთქმულნიც, არ ერიდებიან ბანკების ავად ხსენებას და სახელის გატეხასა. რისთვის და რადა? სწორედ მოგახსენოთ, ბევრჯერ დავკვირვებივართ ამისთანა ამბავს და წყრომისა და რისხვის მიზეზი ვერ გვიპოვია, იმისთანა მიზეზი, რომელიც დამჯდარს და ნაფიქრს მსჯელობას შეესაბამება. 

კომენტარები