რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

კონდოლიზა რაისი აგვისტოს ომის შესახებ

გამოცემა eurasianet.org-ს მოჰყავს ციტატები აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარებიდან, რომელშიც იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტთან საუბრებს იხსენებს.

რაისი წერს, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის წინა დღეეში შეშფოთებული იყო რუსეთის მიერ თბილისის ძალის გამოყენებაზე პროვოცირების შესაძლებლობით.

"ის ამაყი და იმპულსურია ” - წერს რაისი მიხეილ სააკაშვილზე, - ” ამიტომ ჩვენ ყველა ვშიშობდით, რომ მას შეეძლო, მოსკოვისთვის ძალის გამოყენების პროვოცირების საშუალება მიეცა. მან თავად წარმატებულად განახორციელა კონფლიქტის პროვოცირება ქვეყნის სხვა განმდგარ ნაწილში – აჭარაში და სარგებელიც მიიღო, როცა შიდა და საერთაშორისო ზეწოლით ამ რეგიონის რეინტეგრაცია მოხდა. ვშიშობდით, რომ ეს პრეცედენტი აფიქრებინებდა სააკაშვილს, რომ იგივე გაუვიდოდა პუტინის საყვარელი სოჭის სიახლოვეს".

eurasianet.org რაისის მემუარებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი სააკაშვილს ძალის გამოუყენებლობის შეთახმებაზე ხელის მოწერას ურჩევდა, რაზეც ის არ თანხმდებოდა. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ამ სიტყვებით მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ".

ომის დაწყების მომენტს რაისი ასე აღწერს: "მიუხედავად საქართველოს მიერ ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტისა, სამხრეთ ოსეთის მეამბოხენი აგრძელებდნენ ცეცხლს ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის გარშემო. პასუხად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების წინააღმდეგ მძიმე სამხედრო შეტევა დაიწყეს".

რაისი აღწერს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც ვაშინგტონის საპასუხო ზომების საკითხი განიხილებოდა. მისი თქმით, სხდომა უწესრიგოდ მიმდინარეობდა, სანამ საუბარში ჯორჯ ბუშის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში სტივ ჰედლი არ ჩაერია. მან დასვა კითხვა - „მზად ხართ რუსეთთან ომში ჩაებათ საქართველოს გულისთვის?“ ამის შემდეგ, რაისის აღწერით, საუბარი „უფრო პროდუქტიული გახდა“.

რაისი აღწერს ასევე ერთობლივ პრესკონფერენციას საქართველოს პრეზიდენტთან 12 აგვისტოს. მისი თქმით, მან სააკაშვილს ურჩია, უბრალოდ მადლობა გადაეხადა ევროპელებსა და ამერიკელებისთვის მხარდაჭერისთვის, საკუთარი ხალხისთვის  რაიმე გამამხნევებელი ეთქვა, ხოლო რუსეთზე კომენტარების გაკეთება მისთვის დაეთმო. თუმცა, როგორც რაისი იხსენებს, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა მალე აგრესიული გახდა და ის რუსებს ბარბაროსებს უწოდებდა.

"მე ველოდი, რომ რუსეთზე მძიმე გამონათქვამები იქნებოდა, მაგრამ შემდეგ იგი ევროპელებზე გადავიდა, მიუნხენზე და გარიგებებზე დაიწყო საუბარი. მე ისე გავბრაზდი სააკაშვილზე, რომ ლაპარაკიც აღარ შემეძლო", - ამბობს რაისი.

შეგახსენებთ, მიხეილს სააკაშვილმა ამ პრესკონფერენციაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლიც თანახმად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარი ეთქვა, 1938 წლის მიუნხენის გარიგებას შეადარა, რომლის შედეგადაც ევროპამ ჰიტლერს ფაქტობრივად ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის ნება დართო. როგორც მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებში არა მხოლოდ აგრესორია დამნაშავე, „არამედ ისიც, ვინც არ შეაჩერა“.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, 7 აგვისტოს ღამით ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც დადასტურდა ინფორმაცია როკის გვირაბიდან საქართველოში დიდი ოდენობით ჯარისა და სამხედრო ტექნიკის შემოსვლის შესახებ.

ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კომისიამ ამ ფაქტის პირდაპირი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, თუმცა დაადასტურა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან რეგულარული ნაწილებისა და ტექნიკის შემოსვლა „8 აგვისტოს 14 საათამდე“.

რაისი მემუარებში ნატო-ს მინისტერიალსაც იხსენებს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა. იგი აღნიშნავს, რომ, მისდა გასაკვირად, ნატო-ს ლიდერები სააკაშვილის მიმართ კარგად იყვნენ განწყობილები. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება „კარგი იდეა არ იყო“.

2008 წლის 18 სექტემბერს, ვაშიგტონში, მარშალის ფონდში გამოსვლისას , აშშ-ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში ”წინასწარ დაგეგმილ შეჭრას” საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაუყარა, თუმცა თქვა ისიც , რომ თბილისს შეეძლო ”უკეთესი პასუხის” გაცემა.  ”რა თქმა უნდა საქართველოს ლიდერებს შეეძლოთ უკეთესად ეპასუხათ სამხრეთ ოსეთში გასულ თვეს  მომხდარი მოვლენებისთვის, ამაზე თვალის დახუჭვა არავის არგებს. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ რუსეთი მათ ანკესზე წამოაგებდა და ეს მხოლოდ მოსკოვს მისცემდა ხელს. მაგრამ რუსეთის ლიდერებმა ეს გამოიყენეს საბაბად, რათა დაეწყოთ ის, რაც როგორც ჩანს იყო დამოუკიდებელი მეზობლის დაპყრობის წინასწარ დაგეგმილი მცდელობა.  რუსეთის ლიდერებმა ამ სცენარს საფუძველი თვეების წინ ჩაუყარეს - რუსული პასპორტების საქართველოს სეპარატისტებს შორის გავრცელებით, მათი მებრძოლების წვრთნითა და შეიარაღებით და შემდეგ საქართველოს საზღვრის გასწვრივ მიმდინარე კამპანიის თავდაცვითი საბაბით გამართლებით.”- თქვა კონდოლიზა რაისმა 3 წლის წინ   მარშალის ფონდში გამოსვლისას. 

 

კომენტარები