საქართველოს ხელისუფლებმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს ” ფსევდოდემოკრატიული თამაშის მორიგ მცდელობას” უწოდებს. დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ადგილი აქვს ერთი მარიონეტული რეჟიმის ჩანაცვლებას მეორე მარიონეტული რეჟიმით და არც საქართველოს მხარისთვის , არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელობა არა აქვს , როგორი შედეგებით დასრულდება ეს ” არჩევნები”.
ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ სცნობს საერთაშორისო თანამეგორობა.” ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და კანონიერ ფარგლებს, რომელშიც ეს არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო ნომრების მიხედვით. ევროკავშირი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის",-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმაც. მასში ნათქვამია , რომ ნატო არ აღიარებს სამხერთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც ხელს არ უწყობს საქართველოში პრობლემის მშვიდობიან მოწესრიგებას. ამასთან, ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
თავის მხრივ, რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში წარგზავნილმა დამკვირვებლებმა, იქ ჩატარებულ ”არჩევნებს” ”ღია და თავისუფალი” უწოდეს. ე.წ. არჩევნების მეორე ტური საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 27 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, რადგან პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა.




