ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურის შემდეგ გაირკვევა, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება. 13 ნოემბერს გამართულ პირველ ტურში მოსაგები ხმები 11 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოაგროვა.

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს პროსახელისუფლებო კანდიდატი - „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა დაუპირისპირდებიან. ჯიოევამ ხმების 24.6% მიიღო, ბიბილოვმა კი 23.8%. აღშანიშნავია, რომ ბიბილოვს არჩევნების წინ მხარი საჯაროდ რუსეთის ხელისუფლების წარმოადგენლებმა დაუჭირეს. ხოლო ჯიოევას მხარდაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა კოკოითის ოპონენტმა ჯამბოლატ თედეევმა. თედეევს - რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მთავარ მწვრთნელს, ცხინვალის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის უფლება არ მისცა. ამას ცხინვალში კოკოითისა და თედეევის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

13 ნოემბერს არჩევნების პარალელურად რეფერენდუმი გაიმართა , რომლის დროსაც ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე: სურთ თუ არა , რომ ოსურთან ერთად რუსულიც გახდეს სახელმწიფო ენა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა უმეტესობამ ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა.

 

 

 

კომენტარები