ჯანმრთელობა

ჯანმრთელობას 70%-ით ცხოვრების წესი და კვება განსაზღვრავს

კვების წესისა და რეჟიმის მოწესრიგება ხშირად იმ ჩამონათვალთა სიაში ხვდება, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ – მაგრამ, როგორც წესი, არ ვასრულებთ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მათთვისაა, ვინც სახლიდან დილას გადის და საღამოს შედის. კვება რომ აუცილებელია, ვიცით, მაგრამ სწორად კვების ჩვევად ქცევას   ნებისყოფა სჭირდება. რთულია, უარი თქვა გემრიელ „ჯანქ ფუდზე” და უცხიმო, უმარილო, უშაქრო საჭმელი აირჩიო.  

გემრიელი საჭმლის „უგემურით” ჩანაცვლებას – წონაში დაკლების მიზნით – უმეტესად მხოლოდ რამდენიმე დღით ან კვირით ახერხებენ. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ ისევ ცხოვრების ძველ წესს უბრუნდებიან. ექიმები ამტკიცებენ, რომ დროებითი დიეტებით ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს ვაყენებთ, დაკარგული კილოგრამები კი ორმაგად დაგვიბრუნდება. დიეტის შემდეგ ორგანიზმი მეტ საკვებს ითხოვს და ითვისებს, რაც ორგანიზმისთვის მსგავსი განსაცდელისაგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია. 

ყოველდღიური რაციონისთვის საკვების არჩევისას, გონებაზე წინ ინსტინქტები დგას: ვჭამთ იმას, რაც გვინდა და არა ორგანიზმისთვის საჭიროს. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით გენეტიკა, 70% კი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და კვებაზე. ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და წონის პრობლემის მოსაგვარებლად, კვების მოწესრიგება აუცილებელია. ცხოვრების ჯანსაღი წესი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საზოგადოებაში ჯანსაღი კვებისადმი დამოკიდებულებებისა და ქცევის შესწავლის მიზნით, კომპანია ეისითიმ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველოში საუზმე არასავალდებულო ქცევად არის აღქმული, მას ძირითადად ყავითა და სიგარეტით ანაცვლებენ. კვების განრიგი დღის რეჟიმზეა დამოკიდებული. კაფესა თუ რესტორანში მარტო ჭამა მოსაწონ ქცევად არ განიხილება. გამოკითხული რესპონდენტები სამსახურში საჭმლის წაღებას გარეთ კვებას არჩევენ. სადილობისას უმეტესად ცომეულს ირჩევენ, რასაც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით ამართლებენ. 

სტუდენტებს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. უმეტესწილად, ჯანსაღ კვებას დიეტასთან, უგემურ საკვებთან, აკრძალვებთან და სანიტარული ნორმების დაცვით მომზადებულ საკვებთან აიგივებენ. მშობლები კი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშად გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს მიიჩნევენ, საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და არც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. 

სხვათა შორის, ენდოკრინოლოგები სულაც არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. შიმშილზე სასარგებლო კვების წესის მოწესრიგებაა – დიეტა ის არის, რის დაცვასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლებთ. სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს სჭირდება: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. თუმცა, მიღებული რაოდენობა ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას უნდა შეესაბამებოდეს.

თუ ჯანსაღ კვებას გადაწყვეტთ, ეცადეთ კვების რეჟიმი დაიცვათ. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჭამა, მონელების სისტემის მოწესრიგებულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ექიმების აზრით, უმჯობესია, დღის განმავლობაში ოთხჯერ ვჭამოთ, 3-4 საათიანი ინტერვალით. სასურველია, საუზმე შეადგენდეს სადღეღამისო რაციონის 25%-ს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%-ს, ვახშამი – 25%-ს.

არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რისი ჭამით უნდა დავიწყოთ დღე და დავასრულოთ, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ საკვები თითოეულ ჯერზე, რომელი პროდუქტების კომბინაციაა სასარგებლო ორგანიზმისთვის და რა – საზიანო.

საუზმის დაწყება რეკომენდებულია ისეთი საკვებით, რისი გადამუშავებაც შედარებით მალე ხდება და ენერგიაც მალევე გამომუშავდება. მაგალითად, ხილი; ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის წვენი; მარცვლეულის ფაფა, რომელიც წყალზე ან დაბალცხიმიან (0.5%) რძეზე უნდა მოამზადოთ. სადილი შედარებით ნოყიერი უნდა იყოს. ბოსტნეულის წვნიანით, მსუბუქი სალათით, მოხარშული ხორცის ნაჭერით ან თევზითა და ერთი ნაჭერი პურით. სამხარზე შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ბრინჯი ან წიწიბურა, ბოსტნეული, მოხარშული კარტოფილი, თევზი ან ხორცი. დაძინებამდე 4-5 საათით ადრე, სასურველია, მსუბუქად ივახშმოთ ნახევარი ჭიქა კეფირით, იოგურტით, უცხიმო რძით ან ხილით. 

გარდა ამისა, ულუფის შერჩევისას აუცილებელია ასაკის, ფიზიკური მდგომარეობის, დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიისა და სეზონის გათვალისწინებაც. სტანდარტულად, დღის განმავლობაში საჭიროა ერთი ნაჭერი პურის, დესერტის თეფშის ოდენობის ფაფის, კარტოფილისა და წვნიანის მიღება. პური, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, კარტოფილი – საკვები პირამიდის ფუძეა; ენერგიის, ნახშირწყლების, ბოჭკოების, ცილების, B ჯგუფის ვიტამინების წყარო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის რამდენჯერმე მიღება, სულ ცოტა, 400 გრამი დღეში. ხილიდან და ბოსტნეულიდან ორგანიზმი იღებს მინერალურ ნივთიერებებს, ბოჭკოებს, ვიტამინებს, რაც ქრონიკული დაავადებების განვითარებას უშლის ხელს. 

ხორცში, თევზში, პარკოსნებსა და ნიგოზში დიდი რაოდენობითაა ცილები და მინერალური ნივთიერებები. ცილა და კალციუმი ბევრია რძის პროდუქტებში. თუმცა, რეკომენდებულია, რძის პროდუქტები ნაკლებცხიმიანი, უმარილო და შაქრის გარეშე მივირთვათ. საჭმლის მომზადებისას მცირე რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ზეთი, მასში A და E ვიტამინებია. უმჯობესია, მაქსიმალურად მოვერიდოთ შემწვარს, ცომეულს, ტკბილეულს. შესაძლებელია, დღეში ერთი ნატეხი შავი შოკოლადის მიღება. ფიზიკური დატვირთვის დროს ცხიმებსა და ცილებს უნდა აღემატებოდეს ნახშირწყლები, გონებრივი მუშაობის დროს კი სასურველია, მათი მიღება შედარებით შევამციროთ.

საკვების სწორი კომბინაცია ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. არსებობს წესები, თუ რომელი საკვები პროდუქტების მიღება შეიძლება ერთად და რისი – არა. მაგალითად, ხალხური მედიცინა ავადმყოფობის დროს თაფლიანი ჩაის დალევას გვირჩევს. თუმცა, ცნობილია, რომ ცხელ წყალში გაზავებით თაფლი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს კარგავს. არც მოხარშული ბრინჯისა და რძის კომბინაციაა სასურველი. მოერიდეთ ჩაის მიღებას მაშინ, როცა მიირთმევთ რკინით მდიდარ პროდუქტს (ბოსტნეული, პარკოსნები), ვინაიდან ჩაი ხელს უშლის რკინის შეთვისებას. ზოგიერთი დიეტა იმასაც გვირჩევს, რომ ცილები (ლობიო, თხილი, ხორცი, თევზი) და ნახშირწყლები (პური, ბრინჯი, მარცვლეული, სტაფილო) არ შევურიოთ. უკეთესი იქნება, თუ ცილებს ბოსტნეულთან ერთად მივიღებთ. დასაშვებია ბოსტნეულისა და ნახშირწყლების კომბინაციაც. რაც შეეხება ხილს, ის აუცილებლად ცალკე უნდა მიირთვათ. 

ჯანმრთელობისა და სხეულის მოხდენილი ფორმებისთვის, ჯანსაღად კვება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ექიმი და ენდოკრინოლოგი თანხმდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანსაღი კვებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ორგანიზმი დაღუპვამდე მიჰყავს. ეს დაავადება ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ორთორექსიით დაავადებულ ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების წესზე აკვიატებული აზრები აქვს, ზედმეტად აკონტროლებს საკვების შემადგენლობასა და მომზადების წესს. დროთა განმავლობაში მის ორგანიზმს საჭირო ვიტამინები და მინერალები აკლდება. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური და სამედიცინო ჩარევაა საჭირო. 

კომენტარები