ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ნაფიცი მსაჯულები – 90 წლის შემდეგ

7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, ადვოკატები და პროკურორები 12 ნაფიც მსაჯულსა და 2 სათადარიგო მსაჯულს დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიკრიბება და ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეს განიხილავს. ეს პროცესი ხელშესახებს გახდის იმას, რაც 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით უკვე ითქვა, ხოლო მანამდე, 1919-1921 წლებში დემოკრატიულმა მთავრობამ კანონმდებლობით განამტკიცა – საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება. 

 წლის შემდეგ აღდგენილი ეს ინსტიტუტი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. დღეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების აუცილებლობაზე ბევრს საუბრობენ. ბოლო წლებში IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მართალია, სასამართლოს ნდობის მაჩვენებელი 22%-დან (2007 წელი) 53%-მდე (2011 წელი) გაიზარდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სისტემის დასახვეწად კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

მოსახლეობის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს წარსული გამოცდილება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 20 წელი გავიდა, თუმცა ქართული საზოგადოება კვლავაც ებრძვის საბჭოთა სისტემის მემკვიდრეობას. საბჭოთა პერიოდში, პროკურატურა თითქმის ყველა საქმეს აკონტროლებდა. ადვოკატის როლი ასეთ სისტემაში კულუარულ გარიგებებში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა. მოსამართლეს, პროკურორსა და ადვოკატს შორის კანონგარეშე ვაჭრობის შედეგს კი განაჩენი აფორმებდა. 

მართლმსაჯულების რეფორმა სწორედ ამ ფონზე დაიწყო. მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, ახალი სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსები. გამოიცვალა მოსამართლეთა სრული შემადგენლობა. თუმცა, პროკურორთა და ადვოკატთა კორპუსი იგივე დარჩა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბჭოთა სისტემა კონტინენტურევროპულმა კანონმდებლობამ ჩაანაცვლა, მაგრამ ძველმა პრაქტიკამ ამ მოდელთან ადვილად მოახერხა ადაპტირება. შედეგად მივიღეთ სისტემა, რომელიც არავის უფლებას იცავდა –  არც დაზარალებულის, არც ბრალდებულის. დაცულ კატეგორიას, მხოლოდ  სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების კორპორატიული ინტერესი წარმოადგენდა. კორუფციამ ქართული მართლმსაჯულების უკლებლივ ყველა რგოლში ეპიდემიური ხასიათი მიიღო. ქრთამის აღებ-მიცემაში მთელი სისტემა იყო ჩართული –  მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, ექსპერტი, მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული. ამ ფონზე, არ წყდებოდა სასამართლო ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებიც. ასე მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქართულ სასამართლო სისტემას და მასში მიმდინარე ცვლილებებს დიდ ყურადღებას უთმობდა, ქართული სასამართლო სისტემა კვლავ კორუმპირებულად ფასდებოდა. 

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქართულმა მართლმსაჯულებამ სისტემური რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი გაიარა. სასამართლოს ხელისუფლების ყველა სახის ზეგავლენისგან გათავისუფლების კუთხით, 2 მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან სასამართლო სისტემის მართვის მთავარ ორგანოდ გარდაიქმნა, ხოლო სახელმწიფო ბრალდება აღმასრულებელი ხელისუფლების ექსკლუზიური ფუნქცია გახდა. სასამართლოს მოწყობა და მისი ინსტანციები შეიცვალა. ვითარება ინფორმაციის მიწოდების, საქმეების უფრო სწრაფად განხილვისა და კორუფციის დაძლევის მხრივაც გაუმჯობესდა. 

თუმცა, ვარდების რევოლუციის მთავარი ლოზუნგი –  საქართველო კორუფციის გარეშე, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებას საჭიროებდა. შინაგანი განწმენდის გარეშე ის ვერ შეძლებდა სახელმწიფო აპარატში გამეფებულ კორუფციასთან და მასთან შეზრდილ ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლას. ამოქმედდა ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, რამაც შედეგად შემცირებული დანაშაული და პრაქტიკულად აღმოფხვრილი კორუფცია მოიტანა. მაგრამ ამ რადიკალურ რეფორმებს მეორე მხარეც ჰქონდა – დაზარალდა სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის იურისტთა ასოციაციამ 2008 წელს მოვლენები ასე შეაფასა: „მოსამართლეები ძირითადად დამოუკიდებელნი არიან სამოქალაქო დავების განხილვისას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან ზეწოლა კვლავ არსებობს”. ასეთი შეფასებების პარალელურად, საზოგადოებრივი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს მოსწონთ დანაშაულისგან დაცულ გარემოში ცხოვრება, მაგრამ იმავდროულად, უნდათ, რომ სახელმწიფოსგანაც თანაბრად იყვნენ დაცულები. 

სწორედ ამ პრინციპებს შორის ბალანსის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლებამ  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმასთან ერთად, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაფართოება დაიწყო. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე მოქალაქეებს აზრი უფრო სატელევიზიო სიუჟეტებიდან და ნაცნობების მონათხრობებიდან ექმნებათ, ვიდრე პირადი გამოცდილებიდან (UNDP-ის 2009 წლის კვლევა). ის კი, ვინც რეალურად მოიხმარს სასამართლოს მომსახურებას, აღნიშნულ ინსტიტუტს ნდობას სულ უფრო მეტად უცხადებს. მაგალითად, გასულ კვირას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა კიდევ ერთი გამოკითხვა, რომლის თანახმად, სასამართლოს მომხმარებელთა 72% სრულ და 12% ნაწილობრივ ნდობას უცხადებს სასამართლო ხელისუფლებას.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების ლოგიკა მარტივია. ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძემ გაახმოვანა – „ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითია სანატრელი, მარტო იმითია კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა”. მოქალაქეები საზოგადოებრივ კონტროლს აწესებენ სასამართლო სისტემაზე, რაც „ჩინოვნიკის” მიერ ძალაუფლების უზურპაციას ხელს უშლის. 

ფაქტობრივად დღეიდან, ნაფიცი მსაჯული ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს. პირველ ეტაპზე, ეს ინსტიტუტი მხოლოდ თბილისში და მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებზე ამოქმედდება. მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მარტივია: მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო სიიდან 100 მოქალაქეს დაასახელებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები კი ერთად შეარჩევენ 100-დან 14-ს (მათგან 2 სათადარიგო მსაჯულია). 12 რჩეულს ერთი კონკრეტული საქმის განხილვა დაევალება. მოქალაქე ფაქტობრივად უარს ვერ იტყვის ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის განხორციელებაზე. სასამართლო განხილვებს ავტომატურად მხოლოდ „სპეციფიკური პროფესიების მქონე” ადამიანები გამოეთიშებიან, რომელთაც, თეორიულად, დანარჩენ მსაჯულებზე ზეგავლენა შეუძლიათ. ასეთები არიან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, პოლიციელები, იურისტები, სასულიერო მოღვაწეები და სახელმწიფო თანამდებობის პირები.

სასამართლო დარბაზში ნაფიცი მსაჯულები მოისმენენ პროკურორისა და ადვოკატის პოზიციებს. ისინი უშუალოდ გაეცნობიან მხარეთა მტკიცებულებებს, მოსამართლე კი მათ კანონს განუმარტავს. მსაჯულები ბრალდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხზე მათთვის გამოყოფილ სათათბირო ოთახში იმსჯელებენ. თუ ნაფიც მსაჯულთა ჟიური 3 საათის განმავლობაში ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით მიიღწევა. გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მხარი 10 ნაფიცმა მსაჯულმა უნდა დაუჭიროს. სასჯელის შესახებ გადაწყვეტილებას კი მოსამართლე იღებს. ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებას საქართველოში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. სკეპტიკოსები შიშობენ, რომ ახალ ინსტიტუტს ქართულ რეალობაში ფუნქციონირება გაუჭირდება. ერთ-ერთი არგუმენტით, სასამართლო სისტემის საერთო სისუსტის ფონზე, მაშინ როცა კომპრომეტირებულია მოსამართლის დამოუკიდებლობა, სახიფათო იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება. სახელგატეხილ გარემოში მოქალაქეების ჩართვა მათ დამოუკიდებლობასაც ეჭვქვეშ დააყენებს.  

ეს არგუმენტი ერთ დიდ მოჯადოებულ წრეს ქმნის. ცხადია, რომ „კომპრომეტირებული” მოსამართლის ხელში გადაწყვეტილების მიღების სრული უფლებამოსილების დატოვება, მეტი საფრთხის შემცველია. საქმის შედეგით დაუინტერესებელ 12 მოქალაქეზე ზეგავლენის მოხდენა კი უფრო რთულია. ამიტომაც, ასეთი ინსტიტუტების წინააღმდეგ, წლების მანძილზე სწორედ ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმები იბრძოდნენ. ამაზე მეტყველებს –  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმება 1917 წელს საბჭოთა კავშირის, 1923 წელს ვაიმარის რესპუბლიკის, 1936 წელს ფრანკოს რეჟიმისა და 1969 წელს სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული ხელისუფლების მიერ. 

იქ, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უკვე საუკუნეების მანძილზე არსებობს, ეს ინსტიტუტი ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აღიქმება. ამ სისტემაში, მოსამართლისა და მსაჯულის ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია. მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ჟიური განიხილავს საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს, ხოლო მოსამართლე, თავის მხრივ, წყვეტს რიგ სამართლებრივ საკითხებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს – საგამოძიებო სამსახურების მიერ დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებების მსაჯულებამდე არდაშვების საკითხს. ამ პირობებში მსაჯული, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, განსახილველი საქმის მიმართ წინასწარ განწყობას ვერ იქმნის. ამას ვერ ვიტყოდით მოსამართლეზე, რომლის ხელშიც გადიოდა გამოძიების ეტაპზე შეგროვებული ყველა სახის, მათ შორის კანონდარღვევით მოპოვებული ნივთმტკიცება. 

უსაფუძვლოა კრიტიკა, თითქოს საქართველო პატარა ქვეყანაა მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისთვის. კლანურ მენტალიტეტთან ბრძოლა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არშემოღების ძლიერი საპირწონე ვერ გახდება. თავისთავად, სიტყვა „კლანს” შოტლანდიური ეტიმოლოგია აქვს და იგი ოჯახს ნიშნავს. შოტლანდია კი ტერიტორიული მოცულობითა და მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს დიდად არ აღემატება. ამ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უკვე საუკუნეების მანძილზე ეფექტიანად მოქმედებს.

სასამართლოს მიუკერძოებლობაზე მსაჯულთა კორპუსის შერჩევის მეთოდიც მოქმედებს. ახალი სისხლის სამართლის კოდექსში თავდაცვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. მაგალითად, სასამართლო სხდომაზე მსაჯული ვერ მოხვდება, თუკი მისი კანდიდატურა ორივე მხარემ – ბრალდებისა და დაცვის წარმომადგენლებმა არ მოიწონეს. ამისათვის მხარეებმა, როგორც დასაბუთებული, ასევე დაუსაბუთებელი აცილების მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ. მათ მიუკერძოებელი მსაჯულის შერჩევაში წინასწარ შედგენილი კითხვარიც დაეხმარებათ. 

არსებობს მოსაზრება, რომ მსაჯულობის კანდიდატის ყველა შეხედულებისა და სტერეოტიპის გამოსავლენი პროცედურის მოფიქრება შეუძლებელია. ეს განაჩენის გამოტანისას, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგალითად, რა მოხდება, თუ განსასჯელის სკამზე ეროვნული, რელიგიური ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი აღმოჩნდება, ნაფიც მსაჯულს კი წინასწარი განწყობები აქვს მის მიმართ? 

სტერეოტიპებისგან თავისუფალი მსაჯულების გამოსავლენად, მაგალითად აშშ-ში, პროცესის მონაწილე მხარეები ძვირადღირებული კონსულტანტების პროფესიონალურ დახმარებასაც იყენებენ. თუმცა, ამ პრობლემას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც აწყდება. მაგალითად, 1993 წელს, აშშ-ში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელთა უმრავლესობა თეთრკანიანი იყო, უდანაშაულოდ ცნო 3 პოლიციელი, რომლებმაც შავკანიანი მძღოლი როდნი კინგი სცემეს.  ვერდიქტს ხელი ვერ შეუშალა იმანაც, რომ ცემის ფაქტი ვიდეოკამერით იყო გადაღებული. ამ ფაქტს ლოს ანჯელესის ქუჩებში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. თუმცა, აშშ-ის სასამართლო სისტემამ შეცდომის გამოსწორება შეძლო – ფედერალურმა პროკურატურამ ახალი და განსხვავებული ბრალდება წაუყენა იმ ოფიცრებს, რომლებიც კინგის საქმეში ფიგურირებდნენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ორ პოლიციელს 30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთი კი გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ როდნი კინგმა, ცალკე სამოქალაქო საქმეში ლოს ანჯელესის პოლიციას 3.8 მილიონი დოლარი მოუგო.

შეცდომებისგან სასამართლო მოწყობის არც ერთი მოდელი დაცული არ არის. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სისხლის სამართალი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად ეხება. კრიტიკოსთა აზრით, ეს უპრეცედენტო ტვირთი იქნება ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც თვითმმართველობის ტრადიცია არ აქვს და არც ხელისუფლება რთავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნე და ისტორიკოსი ალექსის დე ტოკვილი თვლიდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქალაქეებს თვითმმართველობის საკითხებში ანათლებს. თანამედროვეობის ადამიანთა უფლებების დოკუმენტის დამფუძნებელი, ტომას ჯეფერსონი კი აღნიშნავდა: „არჩევანის წინაშე რომ ვიდგე, დავუშვა თუ არა მოსახლეობა საკანონმდებლო თუ სასამართლო ორგანოს მუშაობაში, ვარჩევდი, რომ ისინი საკანონმდებლო ხელისუფლების მიღმა დაგვეტოვებინა. კანონების შექმნაზე მეტად მათი აღსრულებაა მნიშვნელოვანი”. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კი, ყველგან, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს, ხელს უშლის სახელმწიფოს დომინირებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ მისი მეშვეობით ახერხებენ მოქალაქეები კანონის დემოკრატიული აღსრულების პროცესში ჩაბმას. ეს, თავის მხრივ, საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებასა და მოქალაქეთა უფლებებში უკეთ გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.  

მეტიც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს მართლწესრიგის ის მოდელი, რომელიც სახელმწიფოში მოქმედებს. ეს ნაფიც მსაჯულთა თავისუფლების შედეგია, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოს ძალმომრეობისაგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიად ითვლება. მაგალითად, ვიეტნამის ომის დროს ნაფიცი მსაჯულები უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის ამრიდებლების დასჯაზე. უფრო ადრე კი, ალკოჰოლის აკრძალვის (ე.წ. მშრალი კანონის) პერიოდში, ცდილობდნენ, არ დაესაჯათ „ლიქიორის შესახებ” კანონის დამრღვევები.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ამ სისტემის შემოღებით  ადამიანის ბედი სამართლებრივ საკითხებში გაუნათლებელი მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ შუა საუკუნეების ინგლისში, ან, ვთქვათ, მე-19 საუკუნის რუსეთში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტები იკიდებდა ფეხს, მოსახლეობა სამართლებრივ საკითხებში იმაზე უფრო განათლებული ყოფილიყო, ვიდრე დღესაა. ამ მოდელის არსი ისაა, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა, საკუთარი სინდისის კარნახითა და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ადვოკატებისა და პროკურორების მიერ გადმოცემული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გადაწყვიტონ პირის ბრალეულობის საკითხი. პროფესიონალ მოსამართლეებთან შედარებით ნაფიც მსაჯულთა არაკომპეტენტურობა აბსოლუტური კატეგორია არაა. ამას 1966 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს: გამოიკითხნენ მოსამართლეები, რომლებიც 7 ათას საქმეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავმჯდომარეობდნენ. მათ ჰკითხეს – თუ როგორ გადაწყვეტდნენ იმავე საქმეებს მსაჯულთა ინსტიტუტის არარსებობის პირობებში. გამოკითხულ მოსამართლეთა 66.2% მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს დაეთანხმა. 

მოქალაქეთა განათლებაზე მეტად, ეს სისტემა მხარეების – ადვოკატებისა და პროკურორების პროფესიონალიზმს მოითხოვს. აუცილებელია გასაგები ენით და დამაჯერებელი არგუმენტებით ამტკიცონ რიგითი მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე საკუთარი პოზიციის სიმართლე. ეს როგორც სამართლის ენას, ისე მის შინაარსს ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებისთვის.

ნაფიც მსაჯულებს, გარდა სუპერდემოკრატიულობისა, ყველაზე ძვირადღირებულ ინსტიტუტადაც  განიხილავენ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ფუნქციონირებაზე გაწეული წლიური ხარჯი (მგზავრობა, ანაზღაურება, დაბინავება, ა.შ) 500 მილიონ დოლარზე მეტია. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ხარჯს გასწევს ქართული სახელმწიფო ამ ინსტიტუტის ამოქმედებისას. თუმცა ფაქტია, რომ მართლმსაჯულება ძვირადღირებული სიამოვნებაა. იმაზე ძვირია, ვიდრე ის შედეგები, რომელიც მისი არარსებობის პირობებში შეიძლება დადგეს. 

კომენტარები