თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. სასამართლო განიხილავს რევაზ დემეტრაშვილის საქმეს, რომელიც მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული.
საქმეს საქალაქო სასამართლოში 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს დილით დაიწყო და მას 150-ადე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ჟურნალისტები. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს პროკურორისა და ადვოკატის შესავალი სიტყვები,მოგვიანებით ავოკატმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.
ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით ( განზრახ მკვლელობა ) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს მასშტაბით 2012 წელს ამოქმედდება. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, რომელიც საარჩვენო სიაშია დარეგისტრირებული. ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პირი, თუ მას აქვს შეზღუდული ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები. ასევე, ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას პირი ვერ შეასრულებს, თუ ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, ირიცხება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირი, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, , ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.




